logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დავით უტიაშვილი: ციფრული ლარი ფინანსურ სექტორს უფრო ეფექტიანს გახდის

დავით უტიაშვილი: ციფრული ლარი ფინანსურ სექტორს უფრო ეფექტიანს გახდის

1792682448

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, როდის დაინერგება საქართველოში ციფრული ლარი, რომლის გამოშვების უფლებაც პარლამენტმა ეროვნულ ბანკს მიანიჭა.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ეს საპილოტე პროექტია, რომელზეც გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.

„პარლამენტმა უფლებამოსილება მოგვცა, რომ გამოვუშვათ და ვიმუშაოთ ციფრულ ლარზე. კარგია, რომ ასეთი მანდატი შეგვექმნა. ვხედავთ, რომ მსოფლიოში არაერთი ცენტრალური ბანკი, მათ შორის ევროკავშირის ცენტრალური ბანკი, ამ პროექტზე მუშაობს. ჩვენ საშუალება გვექნება, გავტესტოთ ეს ტექნიკური გადაწყვეტილებები და ვნახოთ, როგორ შეიძლება მუშაობდეს ეს ჩვენს ეკონომიკაში, როგორ მოერგება ადგილობრივ ბაზარსა და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, რა რისკები და გამოწვევები ახლავს და ა.შ.
თუ მსოფლიოში გამოიკვეთა, რომ პერსპექტიული პროექტია, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალში ეს პროექტები განვახორციელოთ. მიმდინარე პერიოდში ეს იქნება ტექნიკური სამუშაო დახურულ სივრცეში, რათა ზოგადად დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია.
არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ხომ არ იგეგმება მისი დანერგვა მიმდინარე პერიოდში ან ხომ არ შეუქმნის საფრთხეს ფულის გადახდებს. ცხადია, ამას არანაირი კავშირი არ აქვს დანერგვასთან - ეს უბრალოდ საპილოტე პროგრამაა. მომავალში, თუ ოდესმე მისი დანერგვა გადაწყდა, ასეთი გადაწყვეტილება ფართო კონსენსუსის საფუძველზე იქნება მიღებული და არსებული საგადახდო სივრცის პარალელურად მოხდება“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

როგორც მან განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარგებელი და შესაძლო რისკები უნდა შეისწავლონ.

„ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ ციფრული ლარი კონკრეტულ დროში ავამოქმედოთ. პირველ რიგში, გვინდა დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ტექნოლოგიები, შევიძინოთ ეს გამოცდილება და ამ ტექნოლოგიების პარალელურად ვნახოთ, როგორ მუშაობს მონეტარული პოლიტიკა და ფულის მიწოდება; კონფიდენციალურობის კუთხით რამდენად შეგვიძლია მომხმარებლების წუხილებს ვუპასუხოთ, რამდენად იქნება ამაზე საზოგადოების კონსენსუსი და ა.შ.
დრო გვჭირდება. პარლამენტმა ამის მანდატი მოგვცა, რომ საპილოტე პროექტები განვახორციელოთ. საბოლოოდ, დასკვნა საჯარო იქნება- გვჭირდება თუ არა, რამდენად და როდის გვჭირდება მისი დანერგვა“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისი შეფასებით, ციფრული ფული საგადახდო სერვისების კუთხით ბევრად უფრო ეფექტიანი, იაფი და სწრაფი იქნება.
„ტექნოლოგიური გადაწყვეტა უკეთესია, თორემ საშუალო მომხმარებელმა შეიძლება პირდაპირ ვერც აღიქვას ტექნოლოგიური სხვაობა. მას კვლავ შეიძლება ჰქონდეს იგივე ბარათი ან აპლიკაცია ტელეფონში, უბრალოდ, ტრანზაქცია უფრო იაფად და სწრაფად განხორციელდება.

ასევე, ეს შექმნის ეფექტიან საშუალებას, რომ ფინანსური სექტორი უფრო სანდო გახდეს. ტექნოლოგიურად ეს ბევრად უკეთესი გადაწყვეტაა. ვხედავთ, რომ ასეთი ციფრული ვალუტები კერძო სექტორში უკვე ვითარდება. ჩვენი მომხმარებლებიც იყენებენ მათ ადგილობრივ ბაზარზე სავაჭრო ტრანზაქციებისა და საბიუჯეტო გადარიცხვებისას. შეიქმნება ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული მსგავსი ალტერნატივაც, რომელიც შეიძლება უფრო სტაბილურად აღიქმებოდეს“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ასეთი ციფრული ვალუტა ადგილობრივ ბაზარზე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სანდოობას უზრუნველყოფს.

„ასევე, ზოგადად, ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ეროვნული ბანკი ამ ფულს გამოუშვებს, მონეტარული პოლიტიკისა და სხვა მიმართულებებით ბევრად მეტი ბერკეტი გვექნება ფასების კონტროლისთვის. კერძო გადაწყვეტები ამ კუთხით შესაძლოა ცენტრალური ბანკებისთვისაც მოუქნელი იყოს. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ფულის შემთხვევაში ამ სარგებელსაც ვხედავთ“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთი ცვლილებით იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, ეროვნულ ბანკს ევროკავშირის წევრი და მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების მსგავსად, ციფრული ლარის მიმართულებით სხვადასხვა საპილოტე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

გამოგვყევით