logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

დამგზავრების ქართული პლატფორმა Hoppla გაფართოებისთვის ემზადება

Hoppla-ს უკვე 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს - დამგზავრების ქართული პლატფორმა გაფართოებისთვის ემზადება.

სტარტაპი, რომელიც საერთო მარშრუტზე მიმავალ მძღოლებსა და მგზავრებს აკავშირებს, საქართველოს ბაზარზე უკვე 10 თვეა ოპერირებს. ამ პერიოდში პლატფორმამ 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი მოიზიდა. კომპანიის ინფორმაციით, პლატფორმაზე ყოველდღიურად თავსდება როგორც მგზავრების, ისე მძღოლების ახალი შეთავაზებები და მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის მოძიება შეუძლიათ.

"Hoppla-მ მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და დღეს უკვე 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს. ყოველდღიურად პლატფორმაზე თავსდება როგორც მგზავრების, ისე მძღოლების ახალი შეთავაზებები და პრაქტიკულად ნებისმიერი მიმართულებით შესაძლებელია შესაბამისი მგზავრობის პოვნა“, -აცხადებს  Hoppla-ს თანადამფუძნებელმა ლუკა შავიშვილი.

თავდაპირველად Hoppla მხოლოდ ვებაპლიკაციის სახით იყო ხელმისაწვდომი. მომხმარებლების მზარდი ინტერესის ფონზე კი კომპანიამ ახლახან iOS-ისა და Android-ის აპლიკაციები ჩაუშვა.

"აპლიკაციების გაშვებამ პლატფორმის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივა და უკვე ძალიან მოკლე პერიოდში ვხედავთ როგორც მომხმარებლების, ისე ყოველდღიური მობილობის აქტივობის მკვეთრ და პოზიტიურ ზრდას. ასევე ზაფხულის პერიოდში Hoppla-ს iOS აპლიკაციამ Travel კატეგორიაში პოპულარობის მაღალი პოზიციებიც დაიკავა.", -აღნიშნავს ლუკა შავიშვილი.

კომპანიის გრძელვადიანი მიზანი მხოლოდ დამგზავრების სერვისის განვითარება არ არის. Hoppla-ს სურს, საქალაქთაშორისო მობილობის ჰაბად ჩამოყალიბდეს და ერთ სივრცეში სხვადასხვა გადაადგილებასთან დაკავშირებული სერვისი გააერთიანოს.

"გვინდა, რომ Hoppla საქართველოში უბრალოდ დამგზავრების აპლიკაცია აღარ იყოს, გვინდა, ის საქალაქთაშორისო მობილობის პლატფორმად და ადამიანებისთვის ყოველდღიური გადაადგილების ერთ-ერთ მთავარ ციფრულ ინსტრუმენტად იქცეს",- აღნიშნა ლუკა შავიშვილმა.

კომპანია სამომავლოდ საერთაშორისო გაფართოებასაც გეგმავს. კერძოდ, Hoppla-ს მიზანია პლატფორმა აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გაიტანოს.

"ვფიქრობთ, რომ დამგზავრებისა და უფრო ხელმისაწვდომი მობილობის იდეას რეგიონში საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადეს კომპანიაში,  

გამოგვყევით