Ford Motor-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია 2030 წლის დასაწყისიდან Lincoln-ის ზოგიერთი მოდელის წარმოებას ჩინეთიდან აშშ-ში გადაიტანს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რთული, მაგრამ აუცილებელი იყო ამერიკული საავტომობილო წარმოების ბაზის გასაძლიერებლად. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჩინეთიდან იმპორტირებული ბენზინის ძრავზე მომუშავე მანქანები და ელექტრომობილები მაღალი საბაჟო გადასახადებით იბეგრება. Ford-მა დაადასტურა, რომ აშშ-ის ტარიფი Lincoln Nautilus-ზე — მთავარ ავტომობილზე, რომელიც კომპანიას ჩინეთიდან მიაქვს — 52.5%-ია.
„როგორც კი ადმინისტრაციის პოლიტიკა განისაზღვრა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მაშინვე მივიღეთ“, — განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ და აღნიშნა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ მთავრობის მიზნები და მათი გავლენა კომპანიაზე.
ფარლის თქმით, აშშ-ში წარმოებული Lincoln-ები შიდა ბაზარზე გაიყიდება, რაც წარმოების გაზრდის მასშტაბური ძალისხმევის ნაწილია, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, თუ სად მოხდება მათი აწყობა. აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა დასძინა, რომ შიდა წარმოებას უპირატესობა აქვს.
მსგავსი ნაბიჯი გადადგა კონკურენტმა General Motors-მაც, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი Buick Envision-ის წარმოებას ჩინეთიდან აშშ-ში 2028 წლიდან გადაიტანს. ტარიფებთან ერთად, ავტომწარმოებლები დაკავშირებული ავტომობილების წესით (Connected Vehicle Rule) დაწესებულ შეზღუდვებსაც აწყდებიან, რომელიც აშშ-ის მოდელებში ჩინური ტექნოლოგიებისა და აპარატურის გამოყენებას ზღუდავს. ფარლის განცხადებით, გადაწყვეტილებაზე გავლენა ორივე რეგულაციამ იქონია, თუმცა მთავარ მამოძრავებელ ფაქტორად ტარიფები დაასახელა.
მიჩიგანის შტატში მდებარე ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტთან კონსულტაციების შემდეგ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ Lincoln Nautilus-ს აშშ-ში გასაყიდად ნებართვა აღარ სჭირდებოდა. კომპანიას ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ მანქანის პროგრამული უზრუნველყოფა აშშ-ში შემუშავდა, თუმცა მისი ინსტალაცია ჩინეთში ხდებოდა, რაც ქვეყანაში გაყიდვის გასაგრძელებლად მთავრობის თანხმობას მოითხოვდა. გასულ წელს აშშ-ში Ford-მა დაახლოებით 34 000 Nautilus გაყიდა.
ამერიკელი კანონმდებლები ცდილობენ, კიდევ უფრო გაამკაცრონ აკრძალვები. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც სენატის ვაჭრობის კომიტეტმა ივლისში დაამტკიცა, კომპანიებს, რომელთა 15%-ზე მეტსაც ჩინური მხარე ფლობს, აშშ-ში ავტომობილების გაყიდვას აუკრძალავს.
Ford-ის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება Lincoln-ის ამერიკულ საწარმოო ბაზას. ბრენდი Navigator-ს ლუისვილის (კენტუკი) ქარხანაში აწყობს, ხოლო Aviator-ს — ჩიკაგოს საწარმოო ცენტრში, და ორივე მოდელს ისეთ ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანს, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ახლო აღმოსავლეთი.
ფოტო: Reuters