ზოგადად, ოქროს ნაწარმზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია არის ზრდისკენ. შესაბამისად, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სექტემბრიდან ოქროს ფასი საგრძნობლად გაიზრდება, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოქროს გაძვირების მიუხედავად, "ზარაფხანა" ყველანაირად შეეცდება, რომ პროდუქციაზე მიმდინარე ფასები წლის ბოლომდე შეინარჩუნოს.
"იმედი გვაქვს ოქროს ფასი მოგვცემს საშუალებას, რომ პროდუქციის ფასები არ გავზარდოთ. რაღაც დონეზე ყოველთვის ვასუბსიდირებთ ხოლმე ფასს და ვცდილობთ, რომ ფასები დავიკავოთ და მომხმარებელს არ ავუსახოთ საბოლოო ფასში", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია აქტიურად მუშაობდა საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტისთვის, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულება ჯერჯერობით დაპაუზდა.
"ივლისის დასაწყისში პარიზში გაიმართა მაღალი დონის, განსაკუთრებული საიუველირო ნაკეთობების გამოფენა, სადაც მონაწილეობა მივიღეთ. ძალიან ცნობილი შემსყიდველები დაინტერესდნენ ჩვენით, გამორჩეული მოდელებიც შეგვიკვეთეს და ასევე, სამომავლო დაინტერესებაც არსებობს, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქცია თავიანთ ბუტიკებში განათავსონ", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 6 ფილიალს ფლობს, აქედან 5 მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.
შეგახსენებთ, გასულ წლებში, „ზარაფხანა“ საკუთარი საიუველირო ნაწარმის ექსპორტს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ახორციელებდა, მათ შორის - ყველაზე დიდი რაოდენობით სამკაულს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ყიდდა. ამჟამად, კომპანიას სამკაულების ექსპორტი დროებით შეჩერებული აქვს.