უსინათლო პირებისთვის განკუთვნილ ქართულენოვან ხმოვან მაჯის საათზე მოთხოვნა სტაბილურია, - ამის შესახებ სტარტაპი accessAT-ის დამფუძნებელმა დავით ბიბილეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროდუქტის ბაზარზე გამოჩენის დღიდან, ჯამში დაახლოებით, 100-მდე მაჯის საათია გაყიდული.
"უსინათლო პირებისთვის შექმნილ ქართულენოვან, ხმოვან მაჯის საათზე მოთხოვნა სტაბილურია. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პროდუქტი თებერვალში გახდა ხელმისაწვდომი და შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური შედეგები ფიქსირდება. ფიზიკური პირების გარდა, საათის მიმართ დაინტერესება გამოიკვეთა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, დმანისის, ასპინძის, ბაღდადის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მხრიდან, რომლებმაც აღნიშნული უსინათლო პირებს გადასცეს. ჩვენი საათის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი.
ზოგადად უსინათლო საზოგადოება არ არის სოციალურად მაღალმსყიდველუნარიანი და სწორედ ამიტომ ხანდახან მათთვის აღნიშნული პროდუქტის შეძენა ფინანსურად ხელმისაწვდომი არ არის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ საათს ხშირად საჩუქრად ყიდულობენ.
ამ პერიოდის მანძილზე კიდევ უფრო გამოიკვეთა ის, რომ საათი ყველა ასაკის მომხმარებლისთვის პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელია. გარდა ამისა, არ გამოკვეთილა ტექნიკური ხარვეზები, თუმც ასეთის არსებობის შემთხვევაში ჩვენს საათებს 1 წლიანი გარანტი აქვთ და შესაბამისად მომხმარებლებს ხარვეზის შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ.
სამომავლოდ ვგეგმავთ გარკვეული პროდუქტების კიდევ დამატებას, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია", - აცხადებს დავით ბიბილეიშვილი.
აღნიშნულის გარდა, accessAT-მა Global Tech Weekend Tbilisi 2026-ში მონაწილეებს კონსულტაციები და მხარდაჭერა გაუწია, რათა ციფრული პროდუქტები ყველასთვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. სტარტაპი აღნიშნული მიმართულებით მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია. მაჯის საათი ბაზარზე მიმდინარე წლის თებერვალში გამოჩნდა.