ქართული საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე სამხარაძის განცხადებით, კომპანია ყოველთვის პროდუქციისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მზარდ გაყიდვებს განაპირობებს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "ზარაფხანას" პროდუქციაზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაყიდვები 8-9%-ით არის გაზრდილი.
"ჩვენი მომხმარებლების 95% ქართველია, ხოლო დანარჩენი უცხოელები. ძირითადად პროდუქციას პირადი გამოყენებისთვის ყიდულობენ ხოლმე, თუმცა ხშირად არის შემთხვევები, როდესაც უცხოელებს ჩუქნიან, რადგან ჩვენი კოლექციები ქართულ ისტორიულ არტეფაქტებთან არის დაკავშირებული. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ბეჭდები, ხელით ნაქსოვი ჯაჭვები, თუმცა ბრილიანტით შექმნილი ბეჭდები განსაკუთრებულად მოთხოვნადია", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე წელს ახალი ფილიალი თბილისში, საბურთალოს "სითი მოლში" გაიხსნა და მომდევნო წელს, ახალი ობიექტები შესაძლოა ქუთაისსა და ბათუმში დაემატოს.
მისივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად ავითარებს წარმოებას და მიმდინარე პერიოდში ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები იდგმება.
"ივლისში ძალიან მნიშვნელოვანი დანადგარი ჩამოგვივიდა და კიდევ სხვა დანადგარების დამატებას ვგეგმავთ. ამ მიმართულებით დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ. აღნიშნული განახლება საწარმოო პროცესს უფრო გაამარტივებს, - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.