„ჩვენ ვცდილობთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების სრული ციკლი შევქმნათ.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
თორნიკე ჯობავას თქმით, ამ მიზნით მნიშვნელოვანია, GITA-ს ჰქონდეს პროგრამები მათთვის, ვისაც იდეა გააჩნია, ასევე მათთვის ვისაც იდეისგან პროდუქტის შექმნა შეუძლია.
„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 12 წელია არსებობს და ამ პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. უკვე ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი მოქმედებს საქართველოში. ასევე არაერთ უნივერსიტეტში ინოვაციური მეწარმეობა დანერგილია, როგორც სავალდებულო საგანი და მას სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები გადიან. თუმცა, რა ხდება, როცა ადამიანებს არ აქვთ წარმოდგენა რა არის სტარტაპი, რით განსხვავდება ტრადიციული ბიზნესისგან. ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ჩვენ შევქმენით სამთვიანი პროგრამა, რომელიც გათვლილია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ვიწყებთ ონლაინ ტრენინგებს, რომელშიც ჩართვა შეუძლია 16 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ ადამიანს. 20 სექტემბრამდეა აპლიკაციების მიღება და სწავლა 25 სექტემბერს იწყება.“- აღნიშნა თორნიკე ჯობავამ.
მისივე განმარტებით, სტარტაპ აკადემიაში დაახლოებით სამასი ადამიანი ჩაერთვება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც სამ ფიზიკურ შეხვედრას და 24 ონლაინ შეხვედრას მოიცავს.
„დღეს უკვე არ არის რთული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო და ვებ აპლიკაციის მარტივი პროტოტიპი შექმნა. ჩვენ გვინდა ამ პროგრამაში ჩართულ ადამიანებს გავაცნოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სწორად გამოყენება. როგორ დაუსვა კითხვა რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო, რა შეგიძლია გამოიყენო პროდუქტის შექმნისთვის და ასე შემდეგ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის მოტივაცია. ამიტომ, ყველას ვურჩევ გაბედონ და ჩაატარონ მეტი ექსპერიმენტი,"- განაცხადა თორნიკე ჯობავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს ახალ პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამას “სტარტაპ აკადემია”, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველად ჩატარდება. სააგენტო პროგრამის მონაწილეების შესარჩევად განაცხადების მიღებას აცხადებს.