საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია იმ 40 მილიარდ ლარს, რომელსაც შემდგომ კერძო სექტორის განვითარებას მოახმარს, რამდენიმე დაფინანსების წყაროსგან მოიზიდავს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ ისაუბრა.
„არსებობს რამდენიმე დაფინანსების წყარო. ერთი - არის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც წლიდან წლამდე, დაახლოებით, 200-დან 250 მილიონ ლარამდე უყოფდა ხოლმე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ მოვიზიდოთ სახელმწიფოსგან კონკრეტული ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, დაფინანსების კიდევ ერთი წყარო - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებია. მაგალითად, დღემდე ჩვენს კორპორაციას აქვს მიმდინარე, 100 მილიონ დოლარიანი პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტია. ან დაფინანსებას აქტიურად ვიყენებთ საკუთარი პროგრამების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაზიდად.
„ვფიქრობთ, მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და ამ თანხებს ჩავდებთ ფონდებში, პირდაპირ სესხებში, სინდიცირებულ სესხებში და სხვა“, - განმარტა გაბრიაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას აქვს შიდა რესურსიც.
„ამ შიდა რესურსის აკუმულირება მოვახერხეთ ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელსაც ახორციელებდა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლიდან. თანხები, რომლებიც ამ სქემის ფარგლებში მოვიზიდეთ უკვე 400 მილიონ ლარამდეა. ეს მოზიდული რესურსი არის მომგებიანად დაბანდებული და აგენერირებს, დაახლოებით, 8%-იან შემოსავალს კორპორაციისთვის. ანუ, ეს რესურსი იზრდება და კორპორაციას საშუალება აქვს, რომ აღნიშნული რესურსიც საკუთარი აქტივობების დასაფინანსებლად გამოიყენოს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ „ბიზნესპარტნიორში“.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართულ ეკონომიკაში 40 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციის მხარდაჭერას გეგმავს.