მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაახლოებით 3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გაძვირება საუდის არაბეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ ნავთობსადენზე განხორციელებულ დარტყმებსა და სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმებს უკავშირდება.
გამოცემის ცნობით, ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 2.8%-ით გაიზარდა და 107.54 დოლარი შეადგინა. WTI-ის ტიპის ნავთობი კი 2.9%-ით გაძვირდა და ბარელზე 102.93 დოლარს გაუტოლდა.
ჰოლანდიური გლობალური ჯგუფის ING-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად სერიოზულია ინფრასტრუქტურის დაზიანება და რამდენ ხანს გაჩერდება ნავთობსადენი.
ცნობისთვის, ფასების ზრდას ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჭიანურებაც, რაც სპარსეთის ყურეში მიწოდების აღდგენას 2027 წლამდე აყოვნებს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს IEA-ს ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2026 წელს ნავთობის გლობალური მიწოდება დღეში 5.7 მილიონი ბარელით, ანუ 6%-ით შემცირდება, რაც წინა პროგნოზს აღემატება. სააგენტოს ცნობით, დღეში 2.5 მილიონი ბარელით შემცირდება მოთხოვნაც, რაც ადრე ნავარაუდევ მაჩვენებელზე 940 ათასი ბარელით მეტია.