შავი ზღვით საკონტეინერო გადაზიდვები გაძვირდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ GNS Georgia-ს კომერციულმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისა და სავაჭრო გემებზე თავდასხმების გააქტიურების ფონზე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ ეს მარშრუტი სამოქალაქო ნავიგაციისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ რეგიონად დაასახელა. ამ ფაქტორის გამო კი, გემების ომის რისკისგან დაზღვევის ტარიფები ამოქმედდა, რამაც იმოქმედა ტრანსპორტირების ფასებზე.
გივი ჩაჩანიძის ინფორმაციით, ამჟამად, შავი ზღვით საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება 10-15%-ის ფარგლებშია მომატებული.
როგორც GNS Georgia-ს კომერციული დირექტორი განმარტავს, ამ ცალსახად ნეგატიურ მოვლენას, საქართველოში ტვირთბრუნვა არ შეუმცირებია.
„პირიქით, გარკვეულწილად, დამატებითი ტვირთების გადმომისამართება მოხდა ჩვენი ქვეყნისკენ, რადგან შავი ზღვის აუზში მდებარე სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, მაგალითად - რუმინეთისა და ბულგარეთისგან განსხვავებით, რომლებიც უკრაინასთან უფრო ახლოს მდებარეობენ, საქართველო ნაკლებ საშიშ ზონად მიიჩნევა“, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე მზარდია. 2026 წლის იანვარი – სექტემბერში 15.4 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.