"კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში უკვე შექმნილია, ახლა კი მთავარი გამოწვევა ალტერნატიული დაფინანსების მასშტაბების ზრდა და ბიზნესისთვის მისი ხელმისაწვდომობაა."- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში Foresight-ის დირექტორმა და მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესს ალტერნატიული დაფინანსების წყაროები სჭირდება, ხოლო შესაბამისი საინვესტიციო პროდუქტების არსებობის შემთხვევაში, კომპანიები მათ აქტიურად გამოიყენებენ.
"დღეს, Foresight დაახლოებით 90 მილიონი ლარის აქტივებს მართავს, რომელთა დიდი ნაწილი ბიზნესსესხებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესებმა ალტერნატიული დაფინანსება უკვე გამოიყენეს. ჩვენი გამოწვევაა, გავზარდოთ მასშტაბები, რათა ასეთი დაფინანსება კიდევ უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი", - განაცხადა რატი მორჩილაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ფონდები ჯამურად დაახლოებით 500-600 მილიონ ლარს მართავენ, თუმცა მათი აქტივები შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე წელიწადში 2-3 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.
"ფონდების აქტივების ზრდა ალტერნატიული დაფინანსების წყაროების გაფართოებას შეუწყობს ხელს. ამასთან, კაპიტალის ბაზრის განვითარება ბიზნესს დაფინანსების დამატებით შესაძლებლობებს მისცემს, მოქალაქეებს კი დანაზოგების დაბანდების ალტერნატიულ გზებს შესთავაზებს. მაგალითად, გასულ წელს დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკის მონაწილეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესის" 200 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისია განხორციელდა. ამჟამად ბანკი სხვა ობლიგაციების გამოშვებაზეც მუშაობს."- ამბობს მორჩილაძე.