logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს" - ავთანდილ კასრაძე

"საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს" - ავთანდილ კასრაძე

1793293991

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, სინგაპურში, საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH Singapore 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ინოვაციების გზაჯვარედინზე: რატომ ირჩევენ საერთაშორისო სტარტაპები საქართველოს“ -საქართველოს საინვესტიციო და ტექნოლოგიურ გარემოზე, სტარტაპების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმებსა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა. ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოს უპირატესობას ქმნის კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრები, ბიზნესის დაწყების გამარტივებული პროცედურები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და სტარტაპების განვითარების მხარდამჭერი პროგრამები. ამასთან, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების საწყის ეტაპზე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით აქსელერაციის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებასა და სახელმწიფო მხარდაჭერას აერთიანებს. “საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს, ხოლო 52 000-ზე მეტი ტექნოლოგიური სფეროს უცხოელი სპეციალისტი ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში საერთაშორისო პროფესიონალების მოზიდვას ხელს უწყობს IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ბინადრობის ნებართვის სპეციალური მექანიზმიც.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იყო. ავთანდილ კასრაძემ ამ მიმართულებით Pulsar AI- ის მაგალითი მოიყვანა. თბილისში დაფუძნებულმა გუნდმა საავტომობილო დილერებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია შექმნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეიძინა, რომელიც დღეს Impel-ის სახელით ოპერირებს.

„ჩემი შეთავაზებაა, თანამშრომლობა კონკრეტული კომპანიებისა და მათი ბიზნესსაჭიროებების ირგვლივ დავიწყოთ. დავაკავშიროთ შესაბამისი სტარტაპები კორპორაციულ პარტნიორებთან, გამოვცადოთ კონკრეტული ტექნოლოგიური

გადაწყვეტები და მიღებული შედეგების საფუძველზე განვავითაროთ თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი უნდა იყოს ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნა“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო კომპანიები და პროფესიონალები და ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას. SWITCH Singapore 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

გამოგვყევით