logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

BPO სექტორის საერთაშორისო კომპანიამ საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა

BPO სექტორის საერთაშორისო კომპანიამ საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა

1793271781

BPO სექტორის ერთ-ერთმა საერთაშორისო კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება  მიიღო და უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი აცხადებს.

მისი ინფორმაციით, სააგენტოს ორგანიზებით, 27-30 ოქტომბერს, თბილისსა და ქუთაისში, ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორის 12 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

„ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, BPO სექტორის 12 საერთაშორისო კომპანიას ვუმასპინძლეთ. ტურის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მონაწილე კომპანიამ საქართველოში საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და კომპანია დაარეგისტრირა. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გავაცნოთ, დავეხმაროთ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში და ხელი შევუწყოთ მათი
გეგმების განხორციელებას“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ეწვივნენ თბილისის იუსტიციის სახლს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიურ ჰაბს. მათ ადგილზე მიიღეს ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების, კვალიფიციური კადრების მომზადებისა და რეგიონებში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

„მსგავსი საინვესტიციო ტურის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. კომპანიას წინა ტურის ფარგლებში ვუმასპინძლეთ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, მან საქართველოში საქმიანობა დაიწყო. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო კომპანიებთან დამყარებული კავშირები რეალურ ინვესტიციებად გარდაიქმნას და ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნავს მიხეილ ხიდურელი.

ბოლო საინვესტიციო ტურში მონაწილეობდნენ კომპანიები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან და ეგვიპტიდან. სააგენტოს განცხადებით, საერთაშორისო კომპანიების საქართველოში მოზიდვა ახალი ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

გამოგვყევით