„ფელამოჩისა“ და Foodballs-ის მწარმოებელი კომპანია Foodballs Georgia-ს გაყიდვები წინა წელთან შედარებით 20-30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
მისი თქმით, გაყიდვების ზრდასთან ერთად გაფართოვდა სარეალიზაციო არხებიც და კომპანია რამდენიმე ქალაქში შევიდა, სადაც მანამდე წარმოდგენილი არ იყო.
„წელს გაყიდვების დინამიკა კარგია. გაიზარდა გავრცელების არეალიც, რამაც დადებითად იმოქმედა. წინა წელთან შედარებით 20-30%-იანი ზრდა გვაქვს. გაიზარდა სარეალიზაციო არხებიც, უკვე რამდენიმე ქალაქში ვართ წარმოდგენილი, სადაც მანამდე არ ვიყავით. მაგალითად, ბათუმში გაყიდვების არეალი გავაფართოვეთ“, - განაცხადა გიორგი მორდეხაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი - „თბილი ფელამოჩი“ ბაზარზე, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოჩნდება. ამ ეტაპზე კომპანია პროდუქტის რეცეპტზე მუშაობს.
„თბილი ფელამოჩი“ ჯერ გაყიდვაში არ არის და, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოჩნდება, რადგან რეცეპტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მას „თბილი“ იმიტომ ჰქვია, რომ ოთახის ტემპერატურის პროდუქტი იქნება, ჩურჩხელის მსგავსად“, - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება Foodballs-ს, კომპანიამ ახალი სახეობა - ყველისა და ჰალაპენიოს შემცველი ცხარე ქათმის ბურთულები დაამატა.
ამჟამად კომპანია მომხმარებელს ფელამუშის ორ სახეობას სთავაზობს — რქაწითელისა და საფერავის ყურძნისგან დამზადებულს. Foodballs-ის ასორტიმენტში კი ხუთი სახეობაა: ქათმის ბურთულები შქმერულის სოუსით, კიევური ღომი და ყველი, ლობიოს ბურთულები და ყველისა და ჰალაპენიოს შემცველი ცხარე ქათმის ბურთულები.
გიორგი მორდეხაშვილის განცხადებით, კომპანია განვითარების სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს და სამომავლოდ სარეალიზაციო არხების გაფართოებას გეგმავს.
მისივე თქმით, ამჟამად კომპანიაში 21 ადამიანია დასაქმებული. საკუთარი მაღაზიის გახსნას კი კომპანია ჯერჯერობით არ განიხილავს.
ცნობისთვის, Foodballs Georgia ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი კომპანიებისგან იბარებენ და შესაბამისად, მათი პროდუქტი 100%-ით ქართულია. Foodballs Georgia ამ ეტაპზე ჯამში 6 დასახელების პროდუქტი აქვს. კერძოდ, 2 სახეობის "ფელამოჩი" - რქაწითელისა და საფერავის გარსში მოთავსებული ვანილის ნაყინი და ასევე, 4 სახეობის Foodballs-ები: ღომის და ყველის, შქმერული ქათმის, კიევური ქათმის და ლობიოს.