„ფელამოჩისა“ და Foodballs-ის მწარმოებელი კომპანია Foodballs Georgia ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი მორდეხაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს, რასაც, სავარაუდოდ, დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.
„ექსპორტთან დაკავშირებით რამდენიმე შემოთავაზება გვაქვს და ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი არსებობს. ეს ქვეყნებია: დუბაი, ისრაელი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამჟამად საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებაზე ვმუშაობთ, რადგან განსხვავებული ტიპის დოკუმენტებია საჭირო. ვვარაუდობთ, რომ სერტიფიცირებისა და დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება, რის შემდეგაც ექსპორტზე გასვლას განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი მორდეხაშვილმა.
მისი თქმით, კომპანიამ პროდუქციის ფასების შემცირებაც შეძლო. კერძოდ, „ფელამოჩის“ ექვსი ცალი თავდაპირველად 18 ლარი ღირდა, ახლა კი კომპანია ცდილობს, საბოლოო სარეალიზაციო ფასი 12-13 ლარის ფარგლებში შეინარჩუნოს.
გიორგი მორდეხაშვილის განმარტებით, ფასების შემცირება ტექნოლოგიური პროცესების დახვეწამ და გაყიდვების ზრდამ განაპირობა.
„6 ცალი ფელამოჩი“ თავიდან 18 ლარად იყიდებოდა, ახლა ვცდილობთ, რომ უკვე 12-13 ლარი იყოს საბოლოო გასაყიდი ფასი. რაც შეეხება ბურთებს, ისიც 15 ლარი ღირდა და ახლა არის 12- 13 ლარის ფარგლებშია ქათმის ბურთულები. ასევე, 7-8 ლარის ფარგლებში არის სხვა ბურთულები: ლობიოსა და ღომის. ფასის კლება განაპირობა იმან, რომ ჩვენი ტექნოლოგიური პროცესები დაიხვეწა და გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა. ამ ფაქტმა მოგვცა საშუალება, უფრო მეტი ნედლეული შევისყიდოთ და უფრო დაბალ ფასში“,-განაცხადა გიორგი მორდეხაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას სერტიფიცირება გავლილი აქვს და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
„ჩვენთვის ხარისხი და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რაც ბაზარზე ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა“, - აღნიშნა გიორგი მორდეხაშვილმა.
ცნობისთვის, Foodballs Georgia ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი კომპანიებისგან იბარებენ და შესაბამისად, მათი პროდუქტი 100%-ით ქართულია. Foodballs Georgia ამ ეტაპზე ჯამში 6 დასახელების პროდუქტი აქვს. კერძოდ, 2 სახეობის "ფელამოჩი" - რქაწითელისა და საფერავის გარსში მოთავსებული ვანილის ნაყინი და ასევე, 4 სახეობის Foodballs-ები: ღომის და ყველის, შქმერული ქათმის, კიევური ქათმის და ლობიოს.