„საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 7.5%-ით გაიზარდა, ისევე, როგორც 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით. ამავდროულად, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა - კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის, ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, რომ ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა. სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.