logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ურჩი მდგმურების საკითხი გააქტიურდა - რჩევები ბინის პოტენციურ გამქირავებლებს

ქირიდან მიღებული შემოსავალი, განსაკუთრებით საქართველოს დიდ ქალაქებში, მოსახლეობისთვის კვლავ შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. შესაბამისად, ქირასთან და ქირავნობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხები აქტუალობას არ კარგავს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელმა და ადვოკატმა, ოთარ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, იურიდიულ კომპანიებში მიმართვიანობა განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტები შემოდიან და საცხოვრებელი ფართების დაქირავებაზე მაღალი მოთხოვნა ჩნდება.

„ახლა, სწორედ ასეთი პერიოდია და საკმაოდ გახშირებულია ურჩი მდგმურების მიერ ქირის არ გადახდის პრეცენდენტებიც. აქ ძირითადად ორი შემთხვევა იკვეთება - მაგალითისთვის, ხშირია როდესაც პირები, რომლებიც არ არიან ინდენტიფიცირებულები, ასევე არავინ იცის, რა პერიოდით არიან შემოსული ქვეყანაში, ქირაობენ ფართებს და მას ისე ტოვებენ, რომ გადასახადს არ იხდიან. ზოგი კი პირიქით - იმის გამო, რომ გადახდიის უუნაროა, არ ტოვებს ფართს, თუმცა ბინის მესაკუთრეს ქირას არ უხდის“, - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

მისივე თქმით, ურჩ გადამხდელებში უფრო მეტად ადგილობრივები ჭარბობენ, ვიდრე უცხოელები, ვინაიდან, ადგილობრივები უკეთ იცნობენ ქართულ რეალობას და იციან, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობა არ იძლევა სწრაფი გამოსახლების შესაძლებლობას. კერძოდ, ურჩი მდგმურების გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება - ეს პროცესი კი, შესაძლოა, წლები გაიწელოს.

„ხშირია შემთხვევები, როცა ბინიდან ურჩი გადამხდელის გამოსახლებას 2-3 წელი დასჭირვებია. ასეთ დროს კი, ცხადია, სერიოზულ ფინანსურ ზარალს იღებს ბინის მესაკუთრე, რომლისთვისაც ქირა შემოსავლის ძირითადი წყაროა“,- განმარტა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.

იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელმა ბინის მესაკუთრეებს რამდენიმე რჩევაც მისცა.

„პირველი რეკომენდაციაა, რომ ისინი არ შევიდნენ დამქირავებელთან ურთიერთობაში იურისტის გარეშე და რაც მთავარია, არ გააქირაონ ბინა ქირავნობის ხელშეკრულების გარეშე. ადვოკატები სხვადასხვა მეთოდოლოგიით ვამოწმებთ, თუ რამდენად კეთილსინდისიერია ბინის დამქირავებელი. მათ შორის მოწმდება - იმყოფება, თუ არა ეს პირი მოვალეთა რეესტრში. უცხოელების შემთხვევაში კი, ხდება მათი იდენტიფიცირება და საპასპორტო მონაცემების შესწავლა. ასევე, ხელშეკრებულებაში იდება ისეთი პუნქტი, რომელიც კონტროლის მექანიზმებს მოიცავს, მათ შორის - ბინაში მისვლას და შემოწმებას“, - აღნიშნა იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების წესი 2015 წლის დეკემბერში აკრძალა. კერძოდ, გაუქმდა ნორმები, რომლის მიხედვითაც, პირის გამოსახლება  იძულებით, პოლიციის მეშვეობით იყო შესაძლებელი. ამჟამად კი, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოყვანა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. იურიდიული კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ზღუდავს.

გამოგვყევით