ქართული გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას განაგრძობენ.
ამჯერად, მსოფლიოს გიგანტი კომპანია COSCO SHIPPING LINES-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, ანუ GNS Georgia უზბეკეთში ფილიალის გახსნის საკითხზე მუშაობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ GNS Georgia-ს კომერციულმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ განუცხადა, კომპანიის პირველი ფილიალი უზბეკეთში, სავარაუდოდ, 2027 წლის პირველ კვარტალში გაიხსნება.
„ვაპირებთ, საწყის ეტაპზე, თანამშრომლები საქართველოდან წავიყვანოთ, რადგან, ვფიქრობ, საზღვაო და ლოგისტიკური მიმართულებით ჩვენ ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს, ვიდრე ცენტრალურ აზიას. ამიტომ, კარგი იქნება, მათ ჩვენს ცოდნას თუ გავუზიარებთ და შემდეგ, ადგილობრივ კადრებსაც დავასაქმებთ“, - აღნიშნა გივი ჩაჩანიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, GNS Georgia-მ უკვე გახსნა საერთაშორისო წარმომადგენლობები რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ - ყაზახეთსა და აზერბაიჯანში. უახლოეს პერიოდში კი, ამ ქვეყნების სიას უზბეკეთიც დაემატება. კომპანიის მიზანი რეგიონში ერთიანი ლოგისტიკური ჯაჭვის შექმნაა.