„ვფიქრობ ჩვენი მევენახეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხარისხი“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ღამის „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხარისხის მოთხოვნების გამკაცრება დარგის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ეს მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მიზანია, თვითონ მოიყვანონ ისეთი ყურძენი, რომელსაც თვითონვე დაწურავენ. როდესაც კომუნიკაციის დროს ეკითხები, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის მქონე ყურძენს თავად დაწურავდნენ თუ არა სახლში, ყველა პასუხობს, რომ არა. ამიტომ ეს არის მართლაც მთავარი მიზანი““, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლას განმარტებით, ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა ეტაპობრივად მკაცრდება. თუ წინა წლებში ყურძნის რაოდენობაზე იყო მეტი აქცენტი, ახლა დარგის განვითარებისთვის აუცილებელია მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება.
ამასთან, მისივე თქმით, მევენახეებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ცოდნის გაღრმავებას და თანამედროვე მიდგომების დანერგვას.
„ჩვენთან ძალიან დიდია ემპირიული ცოდნა. კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით , არის გარემოპირობები რაც გვაიძულებს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თანამედროვე მიდგომები და არ ვიყოთ მარტო დამოკიდებული იმაზე, თუ წინაპრები როგორ უვლიდნენ ვენახს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლას შეფასებით, ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად აუცილებელია ხარისხზე მაქსიმალური ორიენტაცია.
„პირველი და მთავარი, რაც აუცილებლად ფერმერებმა უნდა გაიგონ, ეს არის მათთვის ბიზნესს. ისინი ქმნიან პროდუქტს, რომელიც უნდა გაყიდონ ბაზარზე. ეს პროდუქტი უნდა იყოს იმ ხარისხის, რომ დაფასდეს თავისუფალ ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.