logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოში ფინანსური კულტურის გაუმჯობესებამ კომპანიებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები გაზარდა"- მიხეილ ჭელიძე

"პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" დიდი როლი ითამაშა ბიზნესის განვითარებაში. საქართველოში ფინანსური კულტურის გაუმჯობესებამ და საკანონმდებლო ცვლილებებმა კომპანიებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები გაზარდა."- ამის შესახებ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია სწორედ "აწარმოე საქართველოში"-ს განვითარების ეტაპია.

"არსებული სახელმწიფო პროგრამები ბიზნესისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურებოდა, თუმცა ეკონომიკის განვითარების კორპორაცია დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებს დანერგავს.  აქამდე სახელმწიფო ძირითადად სესხის პროცენტს ან თანამონაწილეობას ასუბსიდირებდა, ახალი კორპორაციის შესაძლებლობები კი უფრო ფართოა. ეს უკვე შინაარსობრივად სხვა სუბიექტია. ეს არის სააქციო საზოგადოება და თვითონ კორპორაცია უკვე ბიზნესსუბიექტია. შესაბამისად, შეუძლია ბიზნესში კაპიტალი ჩადოს, პირდაპირ გასცეს სესხი და კაპიტალში მონაწილეობა მიიღოს", - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ბიზნესსექტორის 99.7% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის, თუმცა ფინანსურ რესურსებზე წვდომის კუთხით გამოწვევები კვლავ არსებობს. მსხვილ ბიზნესს პრობლემა არ აქვს ზოგადად კაპიტალის მოზიდვაში, საერთაშორისო დონეზე შეუძლია მოიძიოს.

"ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მანამდე მოქმედი პროგრამები მუშაობას გააგრძელებს, მათ კი დაფინანსების ახალი მიმართულებები დაემატება."- ამბობს ჭელიძე.

ცნობისთვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაცია 2026 წელს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბაზაზე შეიქმნა. არსებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შენარჩუნებასთან ერთად, კორპორაცია დაფინანსების ახალ მექანიზმებს დანერგავს, მათ შორის ფაქტორინგს, საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერასა და ბიზნესში პირდაპირი ინვესტირების ინსტრუმენტებს, რაც კერძო სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების გაფართოებას ისახავს მიზნად.

გამოგვყევით