ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის ფარგლებში ჩაბარებული ყურძნის 1%-ზე ნაკლები იყო ყველაზე უხარისხო ყურძენი, დანარჩენი კი საშუალო ან მაღალი შაქრიანობით გამოირჩეოდა.
მეხუზლას შეფასებით, კერძო სექტორს წელს ხარისხიანი ყურძნის მოძიებასთან დაკავშირებით გასამართლებელი მიზეზი ნაკლებად ექნება.
მისი თქმით, 2026 წლის მოსავლისგან მაღალი ხარისხის, ზოგიერთ შემთხვევაში კი გამორჩეული ღვინის მიღების შესაძლებლობა არსებობს.
„ღვინისთვის კერძო სექტორი ყოველთვის ცდილობს, საუკეთესო ყურძენი ჩაიბაროს. ვფიქრობ, წელს კერძო სექტორს არ ექნება გასამართლებელი საბუთი, რომ ვერ ვნახეთ ხარისხიანი ყურძენი და ვერ ვამზადებთ ხარისხიან ღვინოს. პირიქით, ვფიქრობ, დაგვიანებული რთველისა და შედარებით გრილი, წვიმიანი ზაფხულის მიუხედავად, მათ, ვინც ყურძენი სწორად მოიყვანა და შემოდგომამდე ხარისხი შეინარჩუნა, ძალიან კარგი შედეგი ექნებათ. ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 2026 წლის მოსავლისგან განსაკუთრებული ღვინოებიც კი მივიღოთ", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ "ღამის ბიზნესპარტნიორის" ეთერში.