საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით 7.4% შეადგინა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება.
მისივე თქმით, წლის ბოლოს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
"ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო", - აღნიშნა პრემიერმა.