ქართული სტარტაპი Tasteit Techstars USA-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდა და 220,000 აშშ დოლარის ინვესტიცია მოიპოვა. ამის შესახებ სტარტაპი სოციალურ ქსელში წერს.
"Techstars-ი ყოველწლიურად ათი ათასობით განაცხადიდან მხოლოდ საუკეთესო 1%-ს არჩევს. ამ პროგრამაში Tasteit-ის მიღება კომპანიის გლობალური გაფართოების მაღალ პოტენციალს ადასტურებს", - აცხადებენ Tasteit-ში.

Tasteit-ის გუნდი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში იმუშავებს. კომპანიისთვის პროგრამაში მონაწილეობა ამერიკულ ბაზარზე პოზიციონირებასა და საერთაშორისო მასშტაბირებას უკავშირდება. Tasteit-ის წვდომა ექნება მენტორთა ქსელსა და ვენჩერულ ინვესტორებთან.
„Techstars-ში tasteit-ის მოხვედრა არის მნიშვნელოვანი სიგნალი მთელი ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის, რომ საქართველოში შექმნილ პროდუქტს აქვს გლობალური ამბიციისა და კონკურენტუნარიანობის რეალური ძალა. განსაკუთრებით ამაღელვებელია Techstars-ის დაბადების ადგილას, ბოლდერში ყოფნა. ჩვენი მიზანია, Tasteit გახდეს წამყვანი გლობალური პლატფორმა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჭმლის გავლით, დააკავშირებს ადამიანებს“, - აცხადებენ Tasteit-ის დამფუძნებლები.

Tasteit არის სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს საჭმლით აკავშირებს. 100 000 აქტიური თვიური მომხმარებლით მსოფლიოს სამ ქვეყანაში (საქართველო, აშშ, გერმანია), ის აერთიანებს გურმანებსა და კვების ობიექტებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ახალი გემოები, გაიცნონ ადამიანები და შეუერთდნენ გასტრონომიულ ღონისძიებებს.Tasteit-ი აქტიურად იმუშავებს ამერიკულ ბაზარზე პოზიციონირებასა და პროდუქტის ფუნქციონალის შემდგომ განვითარებაზე.

Tasteit-ის საბოლოო მიზანია, შეიქმნას მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი საჭმლის მოყავრულებისთვის, რომელიც სწორედ საჭმლის გარშემო გააერთიანებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.