logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

მარიამ ლაშხი: 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾300 მლნ-ით იზრდება

მარიამ ლაშხი: 2027 წელს განათლების სამინისტროს დაფინანსება ₾300 მლნ-ით იზრდება

1794308340

„2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ინკლუზიური განათლების დაფინანსება კი 101 მილიონი ლარიდან 139 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, რაც თითქმის 40-პროცენტიან უპრეცედენტო ზრდას წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მარიამ ლაშხმა საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობაზე,  ქვეყნის თანამედროვე სამეცნიერო პოტენციალსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

„გლობალური ინოვაციების ინდექსში 2022 წელს 74-ე ადგილზე ვიყავით, ოთხ წელიწადში 17 პოზიციით დავწინაურდით. დღეს საქართველო 139 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა და სამხრეთ კავკასიის ინოვაციური ლიდერია. PISA 2025-ის შედეგებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუმჯობესების მაჩვენებლით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ეს წარმატება შემთხვევითი არ არის, ის საქართველოს სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკაში პოულობს გამოხატულებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა. 

მან ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის, ქართველოლოგიის კვლევების სახელმწიფო კონკურსსა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის გაძლიერებაზე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიახლეა საბაკალავრო კვლევების დაფინანსებაც, რაც ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას სწავლის საბაკალავრო საფეხურიდან აძლევს.

მარიამ ლაშხმა ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა. 

„გილოცავთ მეცნიერების დღეს ყველა ქართველ მეცნიერს, მკვლევარს და მასწავლებელს. თქვენი შრომა ქვეყნის ყველაზე ღირებული ინვესტიციაა მომავალში. განათლების რეფორმის შემდეგი ეტაპი სწორედ მეცნიერებას ეძღვნება - სადოქტორო, საპატენტო და კომერციალიზებადი კვლევების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი ნათელია: ქართველმა მეცნიერმა აღმოჩენა აქ, საქართველოში შექმნას, აქვე აქციოს ტექნოლოგიად, რომელსაც მთელი მსოფლიო გამოიყენებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

გამოგვყევით