logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა

ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა

1794309360

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2026 წლის 4 ნოემბრის №2-458 ბრძანებით დამტკიცდა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების წესი და ფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაციის მიზანია ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიცირება, პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი დარწმუნებული იყოს, რას ყიდულობს. ალკოჰოლიანი სასმლის სავალდებულო ნიშანდების მთავარი მიზანი მისი ფალსიფიკაციის პრევენცია და მომხმარებლის ნდობის გაძლიერებაა. ამ ინსტრუმენტის საშუალებით შესაძლებელი გახდება ალკოჰოლიანი სასმლის სრული მიკვლევადობა, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას და მომხმარებლებისთვის
ინფორმაციის მარტივად მიღებას",- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანი იქნება დაცული მატერიალური ფორმის, QR კოდითა და უნიკალური ნომრით. QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი შეძლებს მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დასახელების, კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის, ლოტისა და ნიშნის სტატუსის შესახებ. ნიშანდების პროცესი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განხორციელდება. სისტემა უზრუნველყოფს პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვასა და კონტროლს. ნიშანდების წესი 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

გამოგვყევით