logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

1794296545

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. მისიის წევრები, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული პოლიტიკა, საგარეო სექტორის მდგომარეობა და ფინანსური სექტორის მდგრადობა. 

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ ეკონომიკურ გარემოსა და გეოპოლიტიკური ვითარების გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ნათია თურნავამ მისიის წევრებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდაზე, რომელთა მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგარეო სექტორის პოზიტიურ დინამიკაზეც. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე, მშპ-ის 2.9%-მდე შემცირდა, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის 2.5% შეადგინა.

ნათია თურნავამ ინფლაციის არსებულ დინამიკაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. ინფლაციის ზრდა ძირითადად გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, განსაკუთრებით კი ენერგორესურსების გაძვირებას უკავშირდება, რომლის წვლილი ინფლაციაში მაღალი რჩება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში შეფასდება საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები.

სსფ-ს დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ჯელაძე, აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები",-აღნიშნულია ინფორმაციაში.  

გამოგვყევით