logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ხიზილალა თევზის სახლიდან“ თბილისში პირველ მაღაზიას ხსნის, 2028 წლიდან კი ექსპორტს გეგმავს

„ხიზილალა თევზის სახლიდან“ უახლოეს კვირაში თბილისში პირველ მაღაზიას გახსნის.

როგორც კომპანია „ხიზილალა თევზის სახლიდან“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე დადიანიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია 2028 წლისთვის ექსპორტსაც გეგმავს და შესაძლოა, ამერიკის ბაზარზეც გავიდეს.

„დაახლოებით 25%-იანი ზრდა გვაქვს. სრულად ადგილობრივ ბაზარზე ვართ ორიენტირებული. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია. 2028 წლისთვის ექსპორტსაც ვგეგმავთ. შესაძლოა, ამერიკის ბაზარზეც გავიდეთ. ამ საკითხზე გარკვეული მონახაზი გვაქვს, თუმცა ამჟამად ეს პრიორიტეტი არ არის. გარდა ამისა, წლის ბოლომდე თბილისში, საბურთალოზე, პირველი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ“, – განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.

მისი თქმით, კომპანია უახლოეს კვირებში ესპანური ზღვის პროდუქტების ახალ სახეობებს დაამატებს.

„უახლოეს კვირებში ესპანური ზღვის პროდუქტების დაახლოებით 10-12 ახალ სახეობას დავამატებთ. ეს იქნება მოლუსკები, რვაფეხები, კრევეტები და სხვა პროდუქტები. პროდუქცია ესპანეთიდან და პორტუგალიიდან შემოგვაქვს.

რაც შეეხება ჩვენს „თევზის სახლს“, მას ყოველწლიურად 130 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც სარესტორნო მომსახურებას, ასევე გვაქვს მარკეტი, სადაც ადგილობრივი წარმოების თევზი იყიდება. წარმოდგენილია დაახლოებით 40 სახეობის თევზი, ასევე ზღვის პროდუქტები,მათ შორის, ხიზილალა. ნედლი თევზის სამი სახეობა გვაქვს, ჯამში კი დაახლოებით 10 დასახელების თევზს ვთავაზობთ მომხმარებელს. ყველაზე დიდი მოთხოვნით ჩვენი თონეში შემწვარი ზუთხი, ხიზილალა და ზღვის პროდუქტები სარგებლობს“, – განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.

მისი განმარტებით, ამჟამად კომპანია ფასების გაზრდას არ განიხილავს.

„ჩვენი საქმიანობა მრავალმხრივია – გვაქვს არა მხოლოდ თევზის რესტორანი, არამედ გადამამუშავებელი საწარმო და სარესტორნო სივრცე. ჯამში, დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული“, – განაცხადა ალექსანდრე დადიანიძემ.

ცნობისთვის, კომპანია „ხიზილალა თევზის სახლიდან“ ბაზარზე 2003 წელს გამოჩნდა. მის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე რამდენიმე თევზსაშენი, საფირმო მაღაზია და რესტორანი „თევზის სახლი".

გამოგვყევით