logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ავთანდილის მეღვინეობა" ტურისტული სივრცის მოწყობას გეგმავს

„ავთანდილის მეღვინეობა“ (Avtandil Winery) მომავალ წელს, გაზაფხულის ბოლოს, კარდენახში ტურისტული სივრცის მოწყობას გეგმავს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ ირომაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, პროექტის განხორციელებას ბიზნესსესხით გეგმავენ, რომლის მოცულობაც დაახლოებით 100 ათასი ლარი იქნება.

„გვინდოდა, ჩვენი მარანი ტურისტულად მოგვეწყო. ძალიან ბევრ ადამიანს გამოუხატავს სურვილი, რომ სიამოვნებით გვესტუმრებოდა, ჩვენს მარანს უფრო ახლოს გაიცნობდა, სხვადასხვა სახეობის ღვინოს დააგემოვნებდა და ქართულ ტრადიციებს გაეცნობოდა.

ამ მხრივ ინტერესი არა მხოლოდ უცხოელების, არამედ ქართველების მხრიდანაც დიდია, რადგან ბოლო წლებში ღვინით დაინტერესება როგორც ახალგაზრდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში გაიზარდა.

გასულ წელს ფინანსური მხარდაჭერა არ გვქონდა. ვინაიდან დიდი წარმოება და მაღალი შემოსავლები არ გვაქვს, პირველ ეტაპზე თავის შეკავება მოგვიწია. წელს უკვე ვგეგმავთ, ბიზნესსესხის საშუალებით ვცადოთ გაფართოება. პირველ ეტაპზე დაახლოებით 100 ათასი ლარის ბიუჯეტია საჭირო, რომ ყველა სივრცე მოვამზადოთ.

კარდენახში ძველი მარანი გვაქვს, რომელიც დაახლოებით 200 წელს ითვლის. მე მეოთხე თაობის წარმომადგენელი ვარ იმ ადამიანის შემდეგ, რომელმაც ქვევრები ჩაალაგა. გვინდა, ეს ტრადიცია და კულტურა გავაცოცხლოთ.

ჩვენი მიზანია, პატარა ეთნოსივრცეები მოვაწყოთ მასტერკლასებისთვის, სადაც სტუმრებს თონის პურის გამოცხობის, ჩურჩხელების დამზადებისა და კახეთისთვის დამახასიათებელი სხვა ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

წელს უკვე მივუახლოვდით იმ ეტაპს, როდესაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. მისი დასრულება გაზაფხულის ბოლოს იგეგმება. ეტაპობრივად სხვა სივრცეების ათვისებასაც ვაპირებთ, რადგან ამისთვის ტერიტორია გვაქვს“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.

როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ინვესტორებთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მათი მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

„ჩვენი ძალებით ვცდილობთ, მივაღწიოთ სასურველ შედეგს. პროექტი ადგილზე ღვინის დეგუსტაციებს, დაინტერესებული ადამიანებისთვის ისტორიის გაცნობასა და კახური ტრადიციული კერძების დაგემოვნებას ითვალისწინებს.

ეს იქნება ერთდღიანი ტური, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს კახური ღვინის დაგემოვნებისა და ადგილობრივი კულტურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. სასტუმროს ტიპის სივრცის მოწყობას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა ავთანდილ ირომაშვილმა.

ცნობისთვის, ავთანდილის მეღვინეობა (Avtandil Winery) კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს და ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანია 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს და სამომავლოდ, ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს. 

გამოგვყევით