„ჩვენი საფინანსო ბაზარი ინვესტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია. არსებობს ინტერესი, როგორც უკვე არსებულ საბანკო ინსტიტუტებში ახალი ინვესტორების შემოსვლის, ისე საქართველოში ახალი საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების შექმნის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოში ახალი ბანკების შემოსვლას შეუწყობს ხელს“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, კანონმდებლობის გამარტივება საქართველოს საბანკო სექტორში ახალი ინვესტორების მოზიდვასა და ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
საუბარია „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელთა საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 3 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივა საქართველოში უცხოური ბანკების ფილიალების, შვილობილი კომპანიების დაფუძნებისა და მათთვის საბანკო ლიცენზიის მიღების პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიზანია საქართველოში მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოური ბანკების შემოსვლის წახალისება, საბანკო სექტორში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნების გაზრდა და კონკურენციის გაძლიერება.
ნათია თურნავას განცხადებით, სანდო ქვეყნების ან საბანკო ინსტიტუტების კონკრეტული ჩამონათვალი განსაზღვრული არ არის. ეროვნული ბანკი ინვესტორებს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შეაფასებს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდება მათ საზედამხედველო პოლიტიკის ჩარჩოზე, ქვეყნისა და კონკრეტული საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო რეიტინგებზე.
კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული წესით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ უცხოურ ბანკებს, რომლებიც სანდო ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობენ და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვთ ეროვნული ბანკისთვის მისაღები ან უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ბანკის ცნობადობა და რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები და მფლობელობის სტრუქტურის გამჭვირვალობა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა საქართველოს ბაზარზე წვდომას გაამარტივებს და ინვესტორებისთვის უფრო მოქნილ გარემოს შექმნის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის გაძლიერება გამჭვირვალე და ძლიერი საზედამხედველო ჩარჩოს პირობებში მოხდეს.
კანონპროექტის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში ეროვნულმა ბანკმა უნდა განსაზღვროს სანდო ქვეყნების იდენტიფიცირების პრინციპები, მისაღები საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების ჩამონათვალი და საკრედიტო რეიტინგის მინიმალური დონე.