logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ინვესტიციების სააგენტომ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო 37 კომპანიითა და 3 პავილიონით წარადგინა

ინვესტიციების სააგენტომ შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო 37 კომპანიითა და 3 პავილიონით წარადგინა

1793971119

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo - CIIE 2026) 37 ქართული კომპანიითა და სამი თემატური პავილიონით არის წარმოდგენილი.

გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ეწვია. მინისტრის მოადგილემ ინვესტიციების სააგენტოს წარმომადგენლებსა და დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

დელეგაციის წევრები ეროვნულ პავილიონს ეწვივნენ, რომლის წლევანდელი კონცეფცია საქართველოს კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას ეძღვნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას, ქართული ჭადრაკის ისტორიას, თავადაც ითამაშონ ჭადრაკი და მონაწილეობა მიიღონ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასში, რომელიც სტუმრებს ქართული დამწერლობის ისტორიასა და უნიკალურობას აცნობს.

მინისტრის მოადგილემ და დელეგაციის წევრებმა საკვებისა და სასმელების და სამომხმარებლო საქონლის პავილიონებიც დაათვალიერეს, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ მიერ წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნენ. შეხვედრებისას ყურადღება დაეთმო ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაციას, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებასა და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას.

საქართველოს სამი პავილიონი ჯამში 732 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საკვებისა და სასმელების პავილიონს 500 კვადრატული მეტრი ეთმობა, სამომხმარებლო საქონლის პავილიონს - 100, ხოლო ეროვნულ პავილიონს - 132 კვადრატული მეტრი.

ინვესტიციების სააგენტო გამოფენაში ქართული კომპანიების მონაწილეობას ორგანიზებას უწევს და თანააფინანსებს. სააგენტოს ჩართულობა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციას, ახალი სავაჭრო კავშირების განვითარებასა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება.

საქართველო China International Import Expo-ში უკვე მეცხრედ მონაწილეობს. გამოფენა ჩინეთის ქალაქ შანხაიში, 5-10 ნოემბერს იმართება.

გამოგვყევით