სიმინდის ფქვილისა და ღერღილის მწარმოებელი ქართული კომპანია შპს „სუფთა მარცვალი“ საექსპორტო ბაზრებისა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ეთერიამ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ამჟამად პროდუქცია ექსპორტზე ისრაელში გააქვს, თუმცა სამომავლოდ სხვა ქვეყნების ბაზრებზე გასვლაც სურს.
„საქმიანობა 2013 წელს დავიწყე. თავდაპირველად პატარა საწარმო მქონდა, თუმცა მოგვიანებით გავაფართოვე და რეალიზაციაც გაიზარდა. სიმინდის ფქვილისა და ბურღულის წლიური რეალიზაცია 200-300 ტონას შეადგენს.
„ფრესკოს“ მაღაზიათა ქსელის გარდა, ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბაზრობებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში. მომხმარებელთა ინტერესი და რეალიზაცია საკმაოდ გაზრდილია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ „ფრესკოს“ გარდა, ჩვენი პროდუქცია „აგროჰაბსა“ და „გუდვილშიც“ იყოს წარმოდგენილი.
მარცვლეული დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან მომაქვს, ძირითადად, ლაგოდეხიდან. სოფელ წეროვანში მდებარე ჩვენს საწარმოში მას ვამუშავებ და შემდეგ რეალიზაციას ვახდენ. პროდუქციის დაახლოებით 5% ექსპორტზე, ისრაელში გაგვაქვს. საექსპორტო ბაზრების გაფართოების სურვილი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ეთერიამ.
სამომავლოდ კომპანია საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავს.
„ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია ხარისხიანი და სერტიფიცირებულია. სხვა კონკურენტებისგან სწორედ ხარისხი გამოგვარჩევს. საწარმოში სამი ადამიანია დასაქმებული მუდმივად, სხვებს პერიოდულად ვასაქმებთ. სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებასა და დამატებითი კადრების აყვანას ვგეგმავთ. ამისთვის ინვესტიციები გვჭირდება“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
შპს „სუფთა მარცვლის“ დირექტორი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.
„როდესაც მოსავალი არ მოდის და ბაზარზე დეფიციტია, ფასი იზრდება. ბოლო პერიოდში ფასები გაზრდილია, რადგან მუშახელის დეფიციტია და მიწის დამუშავებაც უჭირთ. გარდა ამისა, ბევრი ადამიანი ემიგრაციაშია წასული და მუშახელის მოძიებაც რთულია“, – განაცხადა ირაკლი ეთერიამ.
„სუფთა მარცვალი“ არის ქართული კომპანია, რომელიც სიმინდის ფქვილსა და ღერღილს აწარმოებს. კომპანია 2013 წლიდან ფუნქცინირებს. საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მდებარეობს.