logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივების სექტორში ზედამხედველობას აძლიერებს

ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივების სექტორში ზედამხედველობას აძლიერებს

1794317040

ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ასანიძემ განმარტა, თუ რა საზედამხედველო ინსტრუმენტებს იყენებს ეროვნული ბანკი ვირტუალურ აქტივებთან მიმართებით.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, რეგულირება სამი ძირითად მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა დისტანციური ზედამხედველობა, ადგილზე ინსპექტირება და ე.წ. პრევენციული ზომები.

„ისევე, როგორც სხვა ფინანსური ინსტიტუტის შემთხვევაში, ჩვენ ვირტუალური აქტივის სექტორის რეგულირებისას 3 ძირითადი მიმართულება გვაქვს: პირველი- დისტანციური ზედამხედველობა, მეორე - ადგილზე ინსპექტირება და მესამე - ე.წ. პრევენციული ზომები. დისტანციური ზედამხედველობა გულისხმობს გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღებას ზედამხედველობას დაქვემდებარებული სექტორისგან, ამ ინფორმაციის გაანალიზებას, რისკების იდენტიფიცირებას და საზედამხედველო ზომების შესაბამისად დაგეგმვას. ადგილზე ინსპექტირება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ზედამხედველი უკვე პრაქტიკაში ნახულობს, ინსტიტუტებში პროცესები რამდენად არის ეფექტური, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას და როგორია რისკები“, - განაცხადა სოფო ასანიძემ.

მისი თქმით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არ არსებობს ერთიანი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაცია უნდა გამოითხოვო კონკრეტული ინსტიტუტისგან რისკების სწორად იდენტიფიცირებისთვის.

როგორც სოფო ასანიძემ განმარტა, სწორედ ამ მიზნით, ეროვნულ ბანკში შემუშავდა ანგარიშგების ფორმა, რომელიც ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების შემთხვევაში ეფექტიანად მუშაობს.

„ორგანიზაციის რისკები ძირითადად უკავშირდება მის კლიენტებს, პროდუქტებს და ტრანზაქციების გეოგრაფიულ არეალს. ამ ანგარიშგების ფორმით ვიღებთ ძალიან დიდ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც ანალიზდება. მაგალითად, თუ პირობითად ვხედავთ, რომ რომელიღაც ქვეყნიდან არის დიდი მოცულობის ჩარიცხვა, გადარიცხვები და ეს ქვეყანა არ არის საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი, ან ვიცით, რომ იქ ემიგრანტები წარმოდგენილი არ არიან, შესაძლოა, ეს გარკვეულ ეჭვს იწვევდეს და მერე ზედამხედველმა ამის მიხედვით დაგეგმოს ადგილზე ინსპექტირება, უშუალოდ ამ საკითხის შესასწავლად კონკრეტულ ინსტიტტში ან სექტორის დონეზე. დაახლოებით ასე მუშაობს დისტანციური ზედამხედველობა“, - განაცხადა სოფო ასანიძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ამჟამად მეექვსე სუბიექტში ატარებს ინსპექტირებას.

„2026 წლიდან ინტენსიურად დავიწყეთ სექტორის ადგილზე ინსპექტირებები. დღეის მდგომარეობით, მეექვსე სუბიექტში ვიმყოფებით და ადგილზე ინსპექტირებას ვატარებთ. სულ არის 44 სუბიექტი. აქ რისკზე დაფუძნებული მიდგომა გამოიყენება. შესაძლებელია, ყველა სუბიექტი არ შეამოწმო, სტანდარტი ამას უშვებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოც სტანდარტს მიჰყვება. რისკების მიხედვით არჩევ და სადაც უფრო მაღალ რისკს ხედავ, იქ შედიხარ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სექტორი ახალი დარეგულირებულია, მნიშვნელოვან რესურსს მივმართავთ ამ კუთხით, რომ შემდგომ წლებში ადგილზე ინსპექტირებები აქტიურად სწორედ ამ სექტორში ჩავატაროთ“, - განაცხადა სოფო ასანიძემ.

გამოგვყევით