"ძალიან მიმზიდველი და ადვილი საყიდელი გახდა ბინა. ბინის ქირის ნაცვლად, ადამიანს შეუძლია იგივე თანხა საკუთარი ბინის შესაძენად გადაიხადოს და რამდენიმე წლის შემდეგ უძრავი ქონება საკუთრებაში ჰქონდეს" - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ბინის შეძენა დაახლოებით 500 დოლარის ყოველთვიური გადახდით არის შესაძლებელი. როგორც კოკაია განმარტავს, ეს თანხა დაახლოებით იმავე ოდენობისაა, რასაც თბილისში ბინის ქირაში ადამიანი ყოველთვიურად იხდის.
"ბინის მყიდველებს შორის არიან როგორც საინვესტიციო მიზნით უძრავი ქონების შემძენები, ისე ადამიანები, რომლებიც თბილისში სამუშაოდ ჩამოდიან და ქირის გადახდას საკუთარი ბინის შეძენას ამჯობინებენ. ბინის გაქირავებიდან ამონაგები დაახლოებით 7-8%-ს შეადგენს, რის გამოც უძრავი ქონება საინვესტიციო მიმართულებადაც რჩება," - ამბობს კოკაია.
მისივე თქმით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი მთლიანად უცხოელებზე დამოკიდებული არ არის.
"განსხვავებული სურათია ბათუმსა და თბილისში. ბათუმში უცხოელი მყიდველების წილი მაღალია, თბილისში კი ბაზრის სტრუქტურა განსხვავებულია,"- აცხადებს "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელი.
კოკაიას ინფორმაციით, 8 თვის მონაცემებით, კაპიტალის შემოდინება დაახლოებით 27%-ით გაიზარდა, რაც, უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა. ამ პერიოდში უძრავი ქონების ფასები დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი, ხოლო ზრდის დანარჩენი ნაწილი გაყიდული ბინების მოცულობის მატებას უკავშირდება.
მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ მომავალში რეგიონებიდან თბილისში მოსახლეობის გადმოსვლის ტენდენცია გაგრძელდება, რაც უძრავი ქონების ბაზარზე დამატებით მოთხოვნას შექმნის.