მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდული ტურისტული პაკეტების რაოდენობა, დაახლოებით, 5-6%-ით გაგვეზარდა, თუმცა მიღებული შემოსავლები შეგვიმცირდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Kera Travel-ის დამფუძნებელმა, დავით ქუთათელაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მიზეზი მომხმარებლის შეცვლილი ქცევაა.
„თუ ადრე ადგილობრივი მომხმარებლები მაღალბიუჯეტურ ტურებს თამამად გეგმავდნენ, ახლა უფრო მეტად ბიუჯეტურ ტურებზე კონცენტრირდნენ“, - განმარტა დავით ქუთათელაძემ.
რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს, ქუთათელაძე ამბობს, რომ ჯერ საახალწლო მოგზაურობაზე ჯავშნები არ მიუღია.
„მომხმარებლები, მთელ მსოფლიოში არსებული სხვადასხვა გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, ნაადრევი ჯავშნებისგან თავს იკავებენ. თუმცა, საშემოდგომო მიმართულებები აქტიურად იჯავშნება. მათ შორის, ამ სეზონზე ძალიან აქტიურდება აზიური მიმართულებები. უნდა ითქვას ისიც, რომ ამჟამად, რამდენიმე ავიაკომპანიას ფასდაკლებები აქვს გამოცხადებული, ამიტომ შედარებით ბიუჯეტური მოგზაურობის დასაგეგმად, შემოდგომა საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია“, - აღნიშნა Kera Travel-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოს საავიაციო სექტორში, დადებითი დინამიკაა მგზავრთგადაყვანის კუთხით. ქვეყნის მთავარი აეროპორტები, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის მანძილზე, წლის პირველი 8 თვის ჭრილში, ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.