საქართველოს სატრანსპორტო გადაზიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც "ბიზნეს კურიერთან’’ სახმელეთო გადამზიდთა ასოციაციის ხელმძღვანელმა , ირაკლი ნემსაძემ განაცხადა, შედეგები მისასალმებელია და გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო. ამას აქვს როგორც გლობალური, ასევე ლოკალური მიზეზები.
"გლობალურ მიზეზებად შეიძლება ჩავთვალოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და გარკვეულ მარშრუტებზე შექმნილი დაბრკოლებები, ხოლო ლოკალურ მიზეზად - რიგ სექტორებში განხორციელებული ცვლილებები. მაგალითად, რკინიგზის მიმართულებით საკადრო და სტრუქტურულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ტვირთის გადაზიდვის პირობები’’- განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.
მისივე ინფორმაციით, გაზრდილია გლობალური ტვირთმფლობელების ინტერესიც ჩვენი რეგიონისა და მარშრუტის მიმართ. მისი ვარაუდით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში საწარმოო პოტენციალის ზრდაა მოსალოდნელი, საქართველო კი ამისთვის მზად უნდა იყო.
"ბოლო წლებში შეინიშნება ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური გააქტიურება, საწარმოო პოტენციალის ზრდა და შესაბამისად , ეს ქვეყენები იქცნენ უფრო მაღალი ტვირთის წარმომქმნელ ტერიტორიებად , ვიდრე აქამდე იყვნენ. ამას ემატება ჩინეთთან არსებული ტვირთბრუნვის ზრდა და გლობალური ტვირთმფლობელების ინტერესი ჩვენი რეგიონისა და მარშრუტის მიმართ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის - მათ შორის იმ შემთხვევისთვისაც, თუ ალტერნატიულ მარშრუტებზე მდგომარეობა დამძიმდება და ეს ნიშნავს ,რომ ჩვენს მარშრუტზე ზეწოლა გაიზრდება. ასევე უნდა მოვემზადოთ იმ სცენარისთვის, თუ მდგომარეობა დასტაბილურდება - რა შეგვიძლია შევთავაზოთ ტვირთმფლობელებს ‘’- აცხადებს ,,ბიზნეს კურიერთან ‘’ სტუმარი.
სახმელეთო გადამზიდთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,შუა დერეფნის’’ ძლიერ მხარეებსა და მთავარ დაბრკოლებებზეც ისაუბრა.
"მთავარი დაბრკოლება არის ამ დერეფნის გეოგრაფიული სირთულე, მოგეხსენებათ , ეს დერეფანი სახმელეთო თვალსაზრისით მულტიმოდალურია-იცვლება ტრანსპორტის სახეობები და რამდენიმე ქვეყანაა ჩართული,რაც თავისთავად დაბრკოლებაა.
უდიდეს უპირატესობად კი პოლიტიკური სტაბილურობა ითვლება. ამ დერეფანში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან არ გააჩნიათ გადაუჭრელი პოლიტიკური დაბრკოლებები და აქვთ მკვეთრად გამოხატული ნება,რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ დერეფნის განვითარებაში,"- აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
სახმელეთო გადამზიდთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გადასაჭრელ ისეთ ლოკალურ ამოცანებზეც ისაუბრა, როგორიცაა ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, გზების გაუმჯობესება, საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მდგომარეობის გაუმჯობესება, პორტების ტვირთბრუნვის შესაძლებლობების გაზრდა და სასაწყობო მეურნეობების განვითარება. მისივე თქმით, ამ პროცესების პარალელურად , მნიშვნელოვანი მიმართულებაა ,,გაციფრულებაც’’.
"მნიშვნელოვანია საზღვარზე დაბრკოლებების შესამცირებლად გაციფრულება. ზედამხედველობის გაციფრულებული პროცესები ამარტივებს და აიაფებს გადაზიდვას’’-აღნიშნავს ირაკლი ნემსაძე.
სახმელეთო გადამზიდთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ნემსაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე გადამზიდველთათვის. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს ექნება როგორც დადებითი ეკონომიკური, ისე სტრატეგიული და უსაფრთხოების ეფექტი საქართველოსთვის. უშუალოდ ამ მიმართულებით დასაქმებული კომპანიებისა და გადამზიდველების შემოსავლები გაიზრდება, ხელი შეეწყობა ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას და ამასთანავე, განვითარდება მონათესავე და მომიჯნავე ინდუსტრიები. მან აღნიშნა,რომ ახლა პორტის სიმძლავრეების გაზრდაზეც არის საუბარი.
‘’პირველი ეს არის ეკონომიკური , მეორე ,უმნიშვნელოვანესი - სტრატეგიული და უსაფრთხოების ეფექტი. იმ გზას, რომლითაც ყველა სარგებლობს, როგორც წესი არავინ აზიანებს. თუკი გლობალურ მოთამაშეებს აქვთ ინტერესი, რომ საქართველოც, როგორც ,,შუა დერეფნის’’ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, იყოს სტაბილური ტერიტორია და რეგიონი, რომელიც მათი ტვირთების გამტარია, ეს უსაფრთხოების ელემენტებსაც ზრდის’’- ირაკლი ნემსაძე.
ცნობისთვის, მხოლოდ საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში სტატისტიკის მიხედვით, 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც წლიურად 24%-იანი მატებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ამოქმედებაა დაგეგმილი.
თამთა ცერცვაძე