საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეესაბამება საგარეო შოკების მიმართ ქვეყნის მედეგობის გაძლიერების მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობასა და გაცვლითი კურსის მოქნილობას, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
სსფ-ის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და მნიშვნელოვანი ფინანსური შემოდინებების ფონზე უცხოური ვალუტის შესყიდვებს ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე განაგრძობს.
მისიის განცხადების თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-მდე შემცირდა, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის ძლიერმა მაჩვენებლებმა და მთლიანი იმპორტის შედარებით ნაკლებად ინტენსიურმა ზრდამ განაპირობა.
„საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში.
რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას “, - ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.