სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოებისა და მევენახეობის კვლევის სამსახურების წარმომადგენლებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე II გლობალურ სიმპოზიუმში“ მიიღეს მონაწილეობა.
სიმპოზიუმის ფარგლებში ცენტრის მეცნიერებმა წარადგინეს მოხსენებები თემებზე: „ბენტონიტური თიხა-გოგირდის კომპოზიტის გამოყენების შესაძლებლობების კვლევა ორგანულ სოფლის მეურნეობაში“, „შერეულ ნათესებში „თანამგზავრ“ მცენარეთა ალელოპათიური შესაძლებლობების გამოყენების შესწავლის მასალები“ და „ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნების მიზნით ინოვაციების შემუშავება მევენახეობაში“.
წარდგენილ მოხსენებებში განხილული იყო ორგანულ სოფლის მეურნეობაში ბუნებრივი მასალების გამოყენების შესაძლებლობები, შერეულ ნათესებში მცენარეთა ალელოპათიური თვისებების პრაქტიკული მნიშვნელობა და მევენახეობაში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინოვაციური მიდგომები. აღნიშნული კვლევები გარემოსდაცვითი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განვითარებას უწყობს ხელს.
ორდღიანი სამეცნიერო ფორუმი ორგანიზაციის „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში 11 ქვეყნის 200-მდე მკვლევარი, ექიმი, ფარმაცევტი, ბიოტექნოლოგი და გარემოს მეცნიერების სპეციალისტი მონაწილეობდა. სიმპოზიუმის მიზანი საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება, აქტუალური კვლევითი საკითხების განხილვა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.