ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, მსოფლიოს ენერგეტიკულ ბირჟებზე ფასების მერყეობა გრძელდება. გაძვირებულია როგორც ბუნებრივი აირი, ანუ LNG, ისე ნავთობი და ნავთობპროდუქტები. მათ შორის, საკმაოდ მომატებულია საწვავის იაფი ალტერნატივის - LPG-ის ღირებულებაც. კერძოდ, 1 ლიტრის საერთაშორისო ფასი 81 ამერიკული ცენტიდან 83 ცენტის ფარგლებში მერყეობს.
ცხადია, საერთაშორისო ფასების ზრდამ განაპირობა ის, რომ LPG საქართველოშიც გაძვირდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს”„თხევადი გაზის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკა ხოფერიამ განუცხადა, ბოლო 3 კვირაში LPG-ის ფასებმა, ფაქტობრივად, 20 პროცენტით მოიმატა.
„ზოგადად, გაზაფხულიდან დაწყებული, ეტაპობრივად, ნელ-ნელა იმატებს LPG-ის ღირებულება. ახლა არის მიღწეული ისტორიულ მაქსიმუმზე, მე ასეთი ფასები არ მახსენდება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში, 10-15 თეთრის ფარგლებში მოხდა ფასების ზრდა, რაც გამოწვეულია როგორც საერთაშორისო ბაზრებზე აღმავალი ტენდენციით, ასევე - რუსეთში ენერგომატარებლებზე კრიზისით და ფასის ზრდით“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში 1 ლიტრი LPG-ის ღირებულება 1.72 ლარიდან 1.80 ლარამდე მერყეობს.