რაჭაში სოფელ ჯვარისაში, ტურისტული ობიექტი Jvarisa Cottages-ი გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾550 000-ს შეადგენს.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ტყეშელაშვილი აღნიშნავს, ტერიტორიის საერთო ფართობი ვენახების ჩათვლით 2.5 ჰექტარია. ადგილზე სამი კოტეჯია განთავსებული, თითოეული 70 კვადრატული მეტრის ფართობით, სადაც ჯამში 18 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი.
მისივე განმარტებით, კოტეჯების ქვემოთ მარანია მოწყობილი, რომელიც მიწის ქვეშ დაახლოებით 13.5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მარნის შიდა სარემონტო სამუშაოები ამ ეტაპზე დასრულებული არ არის - მისი სრულად მოწყობისთვის სამომავლოდ დაახლოებით ₾150 000-ის ინვესტიცია იგეგმება.
"წელს გავიხსენით. გახსნამდე ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ჩავატარეთ. ობიექტზე ჯამში სამი კოტეჯი გვაქვს, სადაც ერთდროულად 18 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ივლისის სეზონი შედარებით ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა ამ ეტაპზე დატვირთვა გაიზარდა და აგვისტოში დაახლოებით 70%-იან დატვირთულობას ველოდებით. ვიზიტორების უმრავლესობა ადგილობრივები არიან. ზაფხულის პერიოდში რაჭა განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა სხვა სეზონებზე ტურისტების ნაკლებობა კვლავ გამოწვევად რჩება.
ასევე ვენახები გვაქვს - ხვანჭკარის მიკროზონაში ვიმყოფებით. თითოეული კოტეჯის ფართობი 70 კვადრატული მეტრია. კაპიტალური ნაგებობებია ყველა საჭირო კომფორტით, თუმცა ინტერიერსა და ექსტერიერს კოტეჯის სტილი მივეცით. ობიექტზე ასევე გვაქვს მარანი, რომელიც კოტეჯებთან ერთად აშენდა. ამ ეტაპზე საკუთარ ღვინოს არ ვაწარმოებთ და ყურძენს ვყიდით, თუმცა სამომავლო გეგმებში შედის მარნის ამოქმედება, საკუთარი ღვინის წარმოება და ექსპორტზე გასვლა. ვფიქრობთ, რაჭას ტურიზმისა და მეღვინეობის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომ განვითარებისთვის ინვესტირებას ვაგრძელებთ", - აცხადებს თორნიკე ტყეშელაშვილი.
ცნობისთვის, Jvarisa Cottages რაჭაში სოფელ ჯვარისაში ამბროლაურის რაიონიდან დაახლოებით 7 კმ-ში მდებარეობს. ტურისტულ ობიექტზე ჯამში 3 კოტეჯია განთავსებული, ხოლო თითო კოტეჯში 6 პერსონა ეტევა.