კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ვაჩნაძიანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Premier-ი გაიხსნება.
როგორც HSC Group Hospitality-ის დირექტორი, გიორგი დოლიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, სასტუმრო 51 ნომრით იქნება წარმოდგენილი და სტუმრებს მიმზიდველ ინფრასტრუქტურას - აუზს, რესტორნებსა და ტერასებს შესთავაზებს.
"სასტუმრო 51 ნომრით იქნება წარმოდგენილი - ობიექტი საკმაოდ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, გამოირჩევა ხედებით და ძალიან ახლოსაა თელავთან, ასევე სხვადასხვა ტურისტული მიზიდულობის ცენტრებთან, რომლებიც ვიზიტორებისთვის საინტერესოა. აღნიშნული ობიექტი გათვლილი იქნება როგორც საერთაშორისო დამსვენებლებზე, ასევე შიდა მოგზაურებზე. ვფიქრობ, კახეთისთვის ეს მესამე ბრენდული სასტუმროა, ხოლო გურჯაანის რაიონისთვის - პირველი. ჩემი აზრით, აღნიშნული სასტუმრო როგორც რაიონს, ასევე მთლიანად კახეთის ტურისტულ მიმართულებას დამატებით ფასეულობას შესძენს.
აჭარის მიმართულებას რაც შეეხება, იმავე ინფრასტრუქტურულ შენობაში, სადაც აპარტამენტები გავხსენით (ბათუმში მასშტაბური აპარტოტელი გაიხსნა, რომელსაც 795 ნომერი აქვს), უახლოესი 2 წლის განმავლობაში Holiday Resort-ის გახსნას ვგეგმავთ 150 მაღალი კატეგორიის ნომრითა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურით - დიდი საკონფერენციო სივრცეებით, შიდა აუზით და ა.შ", - აცხადებს HSC Group Hospitality-ის დირექტორი.