ჩინურ ავტომობილები ქართულ ბაზარზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში Carmark-ის დირექტორმა ირაკლი კუხიანიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, კომპანიის პლატფორმაზე ჩინური ავტომობილების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„აქამდე ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა ასეთი არ იყო. ზაფხულის პერიოდიდან შემოსული ლიდების (პოტენციური კლიენტი) 70% ჩინური ავტომობილების მოდელებზე მოდის“, — აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.
Carmark-ის დირექტორის თქმით, ახალმა რეგულაციებმა მეორადი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა გააძვირა, რის გამოც მომხმარებლებისთვის იმავე ბიუჯეტში ჩინური წარმოების ახალი ავტომობილის შეძენა მთავარ ალტერნატივად განიხილება. ქართულ ბაზარზე ჩინური ავტომობილებიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზეა, მაშინ როცა შიგაწვისძრავიანი მოდელები ამ ეტაპზე ნაკლებად მოთხოვნადია.
ჩინური ავტომობილების მიმართ ინტერესის ზრდას ხელს უწყობს როგორც მიმზიდველი ფასი, ისე საქართველოში შესაბამისი სერვისებისა და ავტონაწილების ბაზრის განვითარება.
„მოსახლეობა ნელ-ნელა ფიქრობს ჩინურ ავტომობილზე გადაერთოს. კანონი ძველი ავტომობილის შემოყვანას აძვირებს და იმავე ბიუჯეტში, რითაც ძველი მანქანა უნდა შემოეყვანათ, ახლა ახალი ჩინური ავტომობილის ყიდვა შეუძლიათ. თანდათან ჩნდება სერვისებიც და ნაწილებიც შემოდის“, — აღნიშნავს კუხიანიძე.
არსებული გამოწვევების ფონზე, Carmark-ის დირექტორის შეფასებით, ქართველი ავტოდილერები აქტიურად უნდა გადაერთონ ჩინეთის მიმართულებაზე. მისი თქმით, კომპანია უკვე გეგმავს არსებული კადრების ამ მიმართულებით გადამზადებას.
„23 წელია, ამ ბიზნესში ვარ და ჯერ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი სექტორი არ ყოფილა. ამერიკის მიმართულებით ბაზრის შესავსებად დრო დასჭირდება, ამიტომ ბიზნესმა აქცენტი ჩინეთის მიმართულებაზე უნდა გადაიტანოს და ამის ხარჯზე დაიბალანსოს“, — აცხადებს Carmark-ის დირექტორი.
თამთა ცერცვაძე