logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნებსა და კომპანიების საჭიროებებს შორის შეუთავსებლობაა" - საკადრო დეფიციტი ისევ აქტუალურია

ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია. მომატებულია ვაკანსიების რაოდენობაც, თუმცა ბიზნესსექტორს კადრების მოძიება კვლავ უჭირს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა მედეა ტაბატაძემ განუცხადა, მიზეზი სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნებსა და კომპანიების საჭიროებებს შორის შეუთავსებლობაა.

„ადამიანები ეძებენ ისეთ სამუშაოებს, რომელიც მათთვის იქნება იმ ცოდნისა და განათლების ამანაზღაურებელი, რაც აქვთ. ამიტომ, ის ვაკანსიები არ მოსწონთ, სადაც ბიზნესს კადრების აყვანის საჭიროება აქვს“, - განმარტა მედეა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, სამუშაოს მაძიებლის მოთხოვნებსა და კომპანიების საჭიროებებს შორის თანხვედრა არ ხდება, ეს კი - ბაზარზე საკადრო დეფიციტს იწვევს.

მედეა ტაბატაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ვაკანსიების ზრდის დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში ვაკანსიების ჯამური რაოდენობა, დაახლოებით, 5- 6%-ის ფარგლებში გაიზარდა. რაც შეეხება იმ სექტორებს, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყნდება ვაკანსიები, ამ მხრივ, ტრადიციულად, გაყიდვების სფერო ლიდერობს.

„ამასთან, გაზრდილია შედარებით ახალი ინდუსტრიების მიერ დაფიქსირებული მოთხოვნებიც -  ეს არის ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიების მიერ შექმნილი მოთხოვნა სამუშაო ადგილებზე“, - აღნიშნა Insource-ის მმართველმა პარტნიორმა.

ცნობისთვის, ამჟამად, დასაქმების პორტალ HR.GE-ის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაოს მაძიებლების რიცხვი 150 ათასს აჭარბებს.

გამოგვყევით