"ინფრასტრუქტურის განვითარება და შიდა ფრენების სტაბილურობა რეგიონებში სასტუმროების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა" - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით მაღალმხარჯველიან ტურისტზე საუბრისას მნიშვნელოვანია კომფორტული გადაადგილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
"როდესაც საუბარია მაღალმხარჯველიან ტურისტზე, აქ ყოველთვის საუბარია კომფორტისა და ინფრასტრუქტურის ძალიან მაღალ დონეზე. რაც უფრო მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას და შიდა ფრენებსაც დავაპრიორიტეტებთ, რომ სტაბილურად ვფრინავდეთ შიდა რეგიონებში, გაცილებით უფრო მეტად მოვიზიდავთ სხვადასხვა სასტუმრო ბრენდებსა და ინვესტორებს", - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
მისივე თქმით, რეგიონებში სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერება.
"რაც უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია განახორციელებს საქართველოში ინვესტიციას, მით უფრო მეტი მოტივაცია იქნება თანამშრომლებისთვის და მეტი შესაძლებლობა შეექმნებათ, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გამოცდილება მიიღონ“, - აღნიშნა დოლიძემ.
HSC Group Hospitality-ს დირექტორის განცხადებით, მომსახურების სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა თანამშრომლების მოტივაცია და მომსახურების ხარისხია. მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლების ანაზღაურების ზრდაც.
"ბიზნესისთვის წარმატება მხოლოდ ბიზნესის შემოსავლის გაზრდა არ არის. ეს არის იმ დიდი ოჯახის ბედნიერი ყოფნაც, რომელსაც საბოლოოდ ეს ბიზნესი ქმნის. ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ, დაახლოებით 10%-იანი სახელფასო ზრდა გვქონდეს",- განაცხადა დოლიძემ.
მისივე შეფასებით, თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია, ხოლო სასტუმროების განვითარება მხოლოდ თბილისსა და ბათუმში არ უნდა იყოს კონცენტრირებული და უფრო აქტიურად უნდა გავრცელდეს რეგიონებშიც.