ქვეყანაში მკვეთრად გაძვირებული ბენზინისა და დიზელის ფონზე, სულ უფრო მეტი ავტომფლობელი ინტერესდება საწვავის იაფი ალტერნატივის - LPG-ის გამოყენებით.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „თხევადი გაზის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნიკა ხოფერიამ განუცხადა, თუ გასულ წლებში მხოლოდ 5 პროცენტით იზრდებოდა იმ მძღოლების რიცხვი, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ბენზინიდან თხევად გაზზე გადაჰყავდათ, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 10-დან 12 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
„სწორედ ამ პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა წელს, 2025 წელთან შედარებით, საქართველოში LPG-ის მოხმარება. ამჟამად, თხევადი გაზის ფასი 1.60 ლარიდან 1.70 ლარამდე მერყეობს, რაც მკვეთრად ჩამორჩება ბენზინისა და დიზელის ღირებულებას. მაგალითისთვის, ბენზინის ფასები, ფაქტობრივად, გაორმაგებულია. თუ გასულ თვეებში, 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 2 ლარი და 80 თეთრი ღირდა, ახლა - მისი ფასი 4 ლარზეა ასული. LPG-ის შემთხვევაში კი, ფასების მატება მხოლოდ 40-45 თეთრია, რაც არ არის კატასტროფული მაჩვენებელი“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ.
შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, გლობალურ ბირჟებზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის 28 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან ამ დრომდე, შავი ოქრო 40%-ით გაძვირებული, რაც ავტომატურად საწვავის ფასებზე აისახა.