logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"უხვნალექიანი პერიოდი გვქონდა, ჰიდროგენერაციის ობიექტებზე გამომუშავება მაქსიმალურ ნიშნულზე იყო" - დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას შეფასებით, წელს საკმაოდ უხვნალექიანი გაზაფხული და ზაფხულის პერიოდი იყო, რის შედეგადაც ჰიდროგენერაციის ობიექტებზე გამომუშავებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

როგორც დავით ნარმანია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანა სრულად საკუთარი ენერგეტიკული რესურსებით იყო უზრუნველყოფილი.

"მიმდინარე წლის პირველ ნახევარზე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან 6 თვე გავიდა და გარკვეული მაჩვენებლები გვაქვს. ამასთან, ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების ფონზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. ამასთან, ელექტრომობილების დამტენი მომწყობილების მოხმარება სულ უფრო იზრდება, აღნიშნული ელექტროენერგიაზე მოთხოვნას იწვევს. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ციფრული ტექნოლოგიები, ბლოკჩეინი, თანამედროვე IT და სერვერული ინფრასტრუქტურა. ამ სექტორების განვითარებას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ფასი შედარებით იაფია, ვიდრე მაგალითად ევროპაში, ან ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში", - აცხადებს დავით ნარმანია.

სფეროს წარმომადგენელი ასევე ელექტროენერგიის ტარიფზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ტარიფების მატება მოსალოდნელი არ არის.

"არ ველოდებით, რომ 3 წლიან პერიოდში ელექტროენერგიის ფასები გაიზრდება. მომდევნო პერიოდში კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული ინფრასტრუქტურა უნდა გამოიცვალოს, ეს იქნება: გადამცემი ხაზები, ქვესადგურები, თუ სატრანსფორმატორო პუნქტები. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაიარაღება გვექნება", - აცხადებს დავით ნარმანია.

გამოგვყევით