Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი, ერთნიშნა ტემპით გაიზრდება.
როგორც Galt & Taggart-ის ტურიზმის 2026 წლის II კვარტლის შეჯამებაშია ნათქვამი, ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.
"2026 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 4.5%-ით შემცირდა და 1.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 1.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 11.6%-ით შემცირდა და 0.3 მლნ შეადგინა.
ვიზიტების კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან (-32.4% წ/წ), ინდოეთიდან (-75.8% წ/წ) და მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან (-6.9% წ/წ) და სომხეთიდან (-5.0% წ/წ), ვიზიტების რაოდენობის შემცირებამ განაპირობა. ახლო აღმოსავლეთიდან კლება ირანის კონფლიქტს, ხოლო ინდოეთიდან IndiGo-ს მიერ ფრენების შეჩერებას უკავშირდებოდა. აღნიშნული კლება ნაწილობრივ დააკომპენსირა ვიზიტების ზრდამ ევროკავშირიდან (+19.4% წ/წ), რუსეთიდან (+5.1% წ/წ), უკრაინიდან (+21.3% წ/წ), აზერბაიჯანიდან (+4.7% წ/წ) და ჩინეთიდან (+3.2% წ/წ)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ჯამურად 2026 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 2.7%-ით შემცირდა და 2.7 მლნ შეადგინა.
"ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თითქმის უცვლელი იყო (+0.1% წ/წ) და 2.3 მლნ შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა წლიურად 14.6%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ზრდას ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაუმჯობესება, ახლო აღმოსავლეთიდან სამოგზაურო მოთხოვნის ნორმალიზება და ბაქო-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა", - ვკითხულობთ კვლევაში.