logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლა ქართული ფინანსური სექტორისთვის ისტორიული ეტაპია" - ლევან ვერძეული

Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლა ქართული ფინანსური სექტორისთვის ისტორიული ეტაპია, - ამის შესახებ  "საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის" (GFMTA) პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ვერძეულმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივაში ეროვნულ ბანკს ნამდვილად გადამწყვეტი როლი ჰქონდა და მათ გარეშე 5 ბანკს შორის თანამშრომლობა არ გამოვიდოდა.

"მართლაც ისტორიული ეტაპი იწყება საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე და სახაზინო ინფრასტრუქტურის - Nasdaq Calypso-ს საზიარო მოდელზე გადასვლით თამაშის წესები იცვლება. თუკი აქამდე ყველა ბანკი ინდივიდუალურად ვითარდებოდა და ხშირად ეს იწვევდა იმას, რომ მათი სახაზინო ოპერაციების მართვა შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით ფრაგმენტული, მეტად ხელით მართული, ვიდრე ავტომატიზირებული - ამ საზიარო პლატფორმის დანერგვის შემდეგ მივაღწევთ იმას, რომ 5 წამყვანი კომერციული ბანკი გადავა საერთაშორისო სისტემაზე. 

გარდა იმისა, რომ ამ მხრივ არის ისტორიული მოვლენა, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ შეიძლება საზიარო დანერგვები არსებობს სხვადასხვა სფეროში და მათ შორის, საბანკო სფეროშიც საქართველოში და მის მიღმაც. როდესაც კონკურენტი ბანკები თანამშრომლობის ამ ტიპის ურთიერთობაზე გადადიან - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ისტორიული, სიმწიფის ნიშანია და განვითარების მაღალი დონე ქართული ფინანსური სექტორისთვის.

ეს სრულიად შეცვლის თამაშის წესებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო საზიარო სისტემაზე გადასვლით მოხდება ერთი სისტემის ადმინისტრირება ნაცვლად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სისტემისა, რაც საბოლოო ჯამში ბევრ გრძელვადიან სარგებელს მოუტანს საბანკო სისტემას. 

ჩვენ აღვნიშნე, რომ 5 ბანკით იწყება ეს პროექტი, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 5 ბანკით არ სრულდება. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში სხვა ბანკებიც დაემატებიან და სრულად დავფარავთ საბანკო სექტორს.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საზიარო დანერგვის ფარგლებში 5 კონკურენტი ბანკის მონაცემები ერთ საზიარო სისტემაში უნდა აღირიცხოს, რაც ბუნებრივია ბადებდა კითხვებს - შესაბამისად, ეროვნული ბანკის როლი აქაც უმნიშვნელოვანესი იყო. ის მხარს ამ სისტემას უჭერს არამხოლოდ სწორი პოლიტიკის გატარებით, არამედ ინფრასტრუქტურულადაც. ვთვლით, რომ ეროვნული ბანკის მხარდაჭერა როგორც საწყის ეტაპზე, ისე მომავალში უმნიშვნელოვანესი იქნება. ", - აცხადებს ლევან ვერძეული. 

ცნობისთვის, საქართველოს 5 წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს.

გამოგვყევით