logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"სემეკის ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებლებისთვის გადახდილმა კომპენსაციამ ₾28.7 მლნ-ს გადააჭარბა" - ანა ზარიძე

მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ამოქმედების შემდეგ, კომუნალური კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის გადახდილმა კომპენსაციამ 28.75 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ სემეკის მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ანა ზარიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს, რომ მომსახურების ხარისხი დაბალია, რადგან გარანტირებული სტანდარტების 97% ვადაში სრულდება.

"მომსახურების ხარისხის კონტროლი მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე სემეკისთვის. მისი ეფექტიანი მონიტორინგისთვის სემეკმა შეიმუშავა ელექტრონული პლატფორმა, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მომხმარებლებზე გაწეული მომსახურების ხარისხს. როგორც კი მომხმარებელი დაწერს განაცხადს ინფორმაცია ავტომატურად ისახება ელექტრონულ ჟურნალში და მარეგულირებელს აქვს მყისიერი წვდომა მასზე. გარდა მომხმარებელთა მიმართვებისა, პროგრამაში იტვირთება წყვეტების შესახებ ინფორმაცია როგორც გეგმურ, ისე ავარიულ შეზღუდვებზე. ადრე თუ მომსახურების ხარისხის შეფასებას ვაკეთებდით საერთო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღეს უკვე თითოეულ მომსახურებას და წყვეტას რეალურ დროში ვაკონტროლებთ. ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მონიტორინგი უფრო ეფექტური და ზუსტი გახდეს. 

2 ტიპის სტანდარტია დადგენილებით - ეს არის საერთო და გარანტირებული. საერთო სტანდარტი უყურებს კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს მთლიანობაში, ხოლო გარანტირებული სტანდარტები უკვე  ინდივიდუალურ მომხმარებლებზეა გათვლილი და აკვირდება ინდივიდუალური მომხმარებლისთვის გაწეულ კონკრეტულ მომსახურებას. რაც შეეხება სტანდარტების დარღვევას - აქაც, მნიშვნელოვანია რა სტანდარტი ირღვევა. პირობითად, თუ ვადაში არ შესრულდა გარანტირებული სტანდარტი კომპანიას აქვს ვალდებულება  მომხმარებელს გადაუხადოს წესებით განსაზღვრული კომპენსაცია. ამის ასახვა ხდება ავტომატურად და მომხმარებელს აღარ უწევს ქოლცენტრში დარეკვა. 

გასული წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით დაახლოებით, 3 მლნ ლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა მოხდა, თუმცა ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების შემდეგ ეს რიცხვი საკმაოდ მსუყეა და ცდება 28 750 000 ლარს.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მოცულობის კომპენსაციის გადახდა მოხდა - არ ნიშნავს, რომ  საქართველოში მომსახურების ხარისხი არის დაბალი. გარანტირებული სტანდარტების 97%-ს კომპანიები ვადაში ასრულებენ და სწორედ იმ 3%-ს ეკუთვნის ეს გადახდილი კომპენსაცია. გადახდილი კომპენსაციების 51% წყალმომარაგებაზე, 39% ელექტროენერგეტიკის და 10% ბუნებრივი გაზის. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კომპენსაციების უმეტესი ნაწილი არის ქსელი მომსახურებების დარღვევების გამო და წყლის სექტორში იმდენად რთული სამუშაოების შესრულებაა საჭირო, რომ სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში ვერ ხერხდება ვადების დაცვა", - აცხადებს ანა ზარიძე. 

ცნობისთვის, სემეკი უკვე მე-8-ე წელია მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას იყენებს.

გამოგვყევით