logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება

საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება

1784552025

"ეროვნული ბანკი საბანკო სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობის იმ მოცულობას, რომელზეც სისტემაში მოთხოვნა არსებობს, რათა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის, რეფინანსირების განაკვეთის ახლოს ჩამოყალიბდეს,"-ამის შესახებ აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. 

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბანკო სისტემისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობა სხვადასხვა არხით შეიძლება იყოს მიწოდებული, ხოლო რეფინანსირების სესხები ამ მიწოდების დაბალანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

"რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება მნიშვნელოვანწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდას უკავშირდება. კერძოდ, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც საბანკო სისტემას 6,617.6 მლნ ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით კი შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით 3,936.4 მლნ ლარის მიწოდებას ნიშნავს. შედეგად, საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება. საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური მდგომარეობა ძლიერია, რასაც ადასტურებს როგორც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.

ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფარგლებში, ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს. საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია. რეზერვების ზრდა და ადეკვატურობის გაუმჯობესება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში და მათ მიერ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „სტაბილურამდე“ გაუმჯობესებაში.

2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 7,122.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) 100%-იან ზღვარს აღემატება და 112.3%-ს შეადგენს,"-განმარტავენ სებ-ში. 

გამოგვყევით