სასტუმრო "ქვევრების" გაყიდვების მენეჯერის, ეკა კუსრაშვილის ინფორმაციით, თელავში მომხდარი სტიქია ტურისტულ ობიექტს არ შეხებია, რადგან სასტუმრო სტიქიის ზონიდან დაახლოებით 10 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს.
როგორც სასტუმროს წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ძლიერი წვიმის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული დაზიანება, ან რაიმე სახის სხვა პრობლემა არ შექმნილა. მისივე თქმით, ვიზიტორებს მუდმივად აწვდიან ინფორმაციას, რომ სასტუმროში უსაფრთხო გარემოა.
ამასთან, ეკა კუსრაშვილის ცნობით, ახლა სასტუმრო 40%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო სტიქიის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჯავშანი გაუქმდა - ევროპიდან.
"ცოტა ხნით გაზი იყო გათიშული, თუმცა ახლა უკვე ჩართულია. ელექტროენერგიაზე შეფერხება არ გვქონია. ვფიქრობთ, ჯავშნები არ გაუქმდება, თუ პრობლემა სწრაფად მოგვარდება და გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდება. მნიშვნელოვანია დროული მოქმედება - სტიქიის ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
ტურისტულ გარემოზე ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ახდენს გავლენას, თუმცა იმედი გვაქვს დატვირთულობა გაიზრდება. აგვისტოსთვის წინასწარი ჯავშნები 30%-ს შეადგენს. ზოგადად, აგვისტო-სექტემბერი კახეთში პიკური პერიოდია. მოგეხსენებათ, რთველის სეზონი იწყება და ვიმედოვნებთ, რომ ამინდი ხელს შეგვიწყობს. ვიზიტორები ევროპის ქვეყნებიდან: გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან. პროცენტულად თუ შევაფასებთ, ტურისტების დიდი წილი უცხოელ დამსვენებლებზე მოდის. ასევე გვყავს აზიელი სტუმრებიც, მაგალითად, ჩინეთიდან. აზიელ სტუმრებს განსხვავებული მოთხოვნები არ აქვთ. კერძოდ, იციან რომ საკუთარი რესტორანი გვაქვს და მენიუში არსებულ კერძებს მიირთმევენ. სასტუმროში ძირითადი მოთხოვნა ქვევრის ტიპის ნომრებზე მოდის, თუმცა ზაფხულის პერიოდში მთავარი შენობაც იტვირთება. გაფართოებას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ", - აცხადებს "ქვევრების" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა და თელავიდან 10 წთ-ის გზაზე შალაურში მდებარეობს. ტურისტული ობიექტი სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს ოც ქვევრის ტიპის ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია განთავსებული. ობიექტზე ასევე ფუნქციონირებს რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.